Thumbnail

ტრაგედია ამერიკაში - მოკრივე ნოკაუტიდან 4 დღეში გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პროფესიონალი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა
  • მის მრჩეველს მიაჩნია, რომ კრივში ბევრი რამ არის შესაცვლელი

სამწუხარო ამბავი ამერიკიდან: საშუალო წონის მოკრივე პატრიკ დეი ჩიკაგოს ჰოსპიტალში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. შაბათს გამართულ ბრძოლაში, ნოკაუტის დროს მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის გამოც სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. ამის შემდეგ დეი კომაში იმყოფებოდა.

მისმა მრჩეველმა ლოუ დიბელამ ემოციური განცხადება გამოაქვეყნა: “პატრიკის ოჯახის, მისი გუნდის წევრებისა და ახლო მეგობრების სახელით, ყველას მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისთვის, რაც პატრიკმა ამ დღეებში მიიღო. იგი ბრწყინვალე შვილი, ძმა და ბევრისთვის ძალიან კარგი მეგობარი იყო. პატრიკი განათლებული ახალგაზრდა კაცი გახლდათ, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ კრივი სარისკო სპორტია.”

თუმცა, დიბელა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კრივში ბევრი რამ არის შესაცვლელი. პატრიკ დეი ბოლო 4 თვეში მეორე პროფესიონალი მოკრივეა, რომელიც ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ივლისში კრივის სამყარო რუსი მაქსიმ დადაშევის გარდაცვალებამ შეძრა - მასაც თავის მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული.

შოკირებულია დეის მოწინააღმდეგე ჩარლზ კონველიც, რომელმაც პატრიკის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, ‘ტვიტერზე’ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

მასთან ჩხუბისას, დეიმ თავის მძიმე დაზიანებები მიიღო, რინგზე გონება დაკარგა და კლინიკაში სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს. პატრიკ დეის 22 ბრძოლიდან 17 მოგებული ჰქონდა (1 ფრე, 4 მარცხი).

კომენტარები

ბოლო ამბები