Thumbnail

ელ კლასიკო კამპ ნოუზე აღარ ჩატარდება? ესპანეთში გამოსავალს ეძებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბარსელონას და რეალს მატჩების მიმდევრობის შეცვლა შესთავაზეს
  • კატალონიური გრანდი ექვსაათიანი მგზავრობისთვის ემზადება

კატალონიაში დაწყებულმა არეულობამ, შესაძლოა, ცვლილებები ესპანეთის ჩემპიონატის კალენდარშიც შეიტანოს. ლა ლიგის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ბარსელონას და რეალს, რათა მათ მატჩების მიმდევრობა შეცვალონ.

შესაბამისად, თუკი აღნიშნული გათვალისწინებული იქნა, 26 ოქტომბერს გუნდები სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშებენ, კამპ ნოუზე დაგეგმილი მატჩი კი უკვე მე-2 წრეში 1 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ესპანურმა სასამართლომ სეპარატისტებად შერაცხულ კატალონიელებს მძიმე განაჩენი გამოუტანა. პოლიტიკოსები, რომლებიც რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, საპატიმროში 9-დან 12 წლამდე პერიოდს გაატარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების კვალად, ბარსელონასა და მის შემოგარენში საპროტესტო აქციებმა ახალი ძალით იფეთქა და უკვე მე-3 დღეა, ქალაქში დიდი არეულობაა. პარალიზებულია რკინიგზა და აეროპორტი, რამაც პრობლემები თავად ბარსელონასაც შეუქმნა.

თუკი არაფერი შეიცვალა, კატალონიური გრანდი ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩზე ეიბართან სათამაშოდ არა – თვითმფრინავით, არამედ ავტობუსით გაემგზავრება.

ბარსელონას ავტობუსით მგზავრობასთან არცთუ კარგი მოგონება აკავშირებს

ბარსელონადან გიპუსკოას პროვინციამდე, სადაც ქალაქი ეიბარი მდებარეობს, დაახლოებით 600 კილომეტრია, ამდენად, ლეო მესის და მის თანაგუნდელებს გზაში 6 საათის გატარება მოუწევთ.

ჩვეულებრივ შემთხვევაში, ბარსა ჩარტერით ბილბაში ჩაფრინდებოდა, საიდანაც ეიბარამდე მხოლოდ 40 კილომეტრია, თუმცა, ელ-პრატის აეროპორტის გზები ამ დრომდე ჩახერგილია...

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბარსელონას მსგავსი პრობლემა ექმნება. 9 წლის წინ, ევროპის თავზე ვულკანური ფერფლის გავრცელების გამო, თითქმის სრულიად საჰაერო სივრცე დაიკეტა და კატალონიელები მილანშიც ავტობუსით გაემგზავრნენ.

ესპანურმა კლუბმა ინტერთან საგარეო შეხვედრა 1:3 წააგო და მართალია, შინ 1:0 იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიღმა დარჩა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები