Thumbnail

'მადლობა ლუის სუარესსა და ჟორდი ალბას' - ლეო მესიმ მეექვსე ოქროს ბუცი მიიღო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიონელს ევროპის ლიგების საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო გადაეცა
  • ბარსელონას თავდამსხმელმა ოქროს ბუცი კარიერაში მეექვსედ მოიპოვა
  • არგენტინელს ჯილდო საზეიმო ცერემონიალზე მისმა შვილებმა გადასცეს

ბარსელონას არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის საზეიმო ვითარებაში "ოქროს ბუცი" გადაეცა - პრიზი, რომელსაც ყოველი სეზონის შემდეგ, უეფას წევრი ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს ანიჭებენ. 

კატალონიური კლუბის 32 წლის კაპიტანმა გასულ სეზონში ლა ლიგის 34 მატჩში 36 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის კოეფიციენტის შესაბამისად, 72 ქულა დააგროვა და უკან ჩამოიტოვა კილიან მბაპე (პსჟ, 33 გოლი) და ფაბიო კვალიარელა (სამპდორია, 26 გოლი)..

ეს ჯილდო მეექვსეა არგენტინელი ფეხბურთელის კარიერაში, ზედიზედ კი - მესამე. მანამდე ლეომ "ოქროს ბუცი" 2009/10 (34 გოლი) 2011/12 (50), 2012/13 (46), 2016/17 (37) და 2017/18 (34) წლების სეზონებშიც მიიღო. მესი ერთადერთია, ვისაც "ოქროს ბუცი" ექვსჯერ აქვს მოპოვებული.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი ესპანეთში ახლახან გაიმართა და მას ფეხბურთელის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ - მეუღლე ანტონელა და შვილები, ტიაგო და მატეო. სხვათა შორის, ლეომ ჯილდო სწორედ თავისი ვაჟების ხელიდან მიიღო.

"მადლობა ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს, კოლეგებს. მადლობა ლუის სუარესსა და ჟორდი ალბას, რომლებიც დამეხმარნენ მეექვსე "ოქროს ბუცის" მოპოვებაში… კიდევ შევხვდებით", - თქვა მესიმ.

ლიონელ მესი ბარსელონას აღზრდილია და ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ფორვარდმა კატალონიური კლუბის მაისურით, ყველა ტურნირის 692 მატჩში ითამაშა, გაიტანა 604 გოლი და მიითვალა 244 საგოლე პასი. 

მესიმ ხუთჯერ შეძლო "ოქროს ბურთის" მოპოვება, ის 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 4-ჯერ კი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯებული. არგენტინელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები