Thumbnail

'20 წლის მანძილზე სექსუალურად მავიწროებდნენ?' - გასქოინი თავს იმართლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული გაზა სასამართლოზე ფოტოებით წარსდგა
  • 52 წლის ყოფილი ფეხბურთელი შარში უცნობი ქალისთვის კოცნის გამო აღმოჩნდა
  • პოლის თქმით, მან ქალს თანაგრძნობის გამო აკოცა და სხვა განზრახვა არ ჰქონია  

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ გასქოინმა, რომელიც სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული, სასამართლოზე უარყო ბრალდება, არგუმენტად კი ფოტოსურათები წარმოადგინა, სადაც მას ფეხბურთელები და ფანატები კოცნიან.

საქმე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს ეხება. 52 წელს მიღწეულმა გასქოინმა მატარებელში უცნობ გოგონას ტუჩებში აკოცა. ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ თანაგრძნობის გამო გააკეთა, რადგან ქალს მსუქანი უწოდეს და გაანაწყენეს.

"როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ხშირად მიწოდებდნენ მსუქან ნაძარილას. უსიამოვნოა, როდესაც 30 ათასი კაცი ასე მოგიხსენიებს. გვერდით მჯდომ გოგონას კი ვუთხარი, რომ ის სულაც არ იყო მსუქანი და შეუხედავი. ამის შემდეგ მას ტუჩებში ვაკოცე, ოღონდ ამ ქმედებას არ ჰქონია არავითარი სექსუალური ქვეტექსტი", - თქვა გასქოინმა სასამართლოზე.

პოლ გასქოინი და დიეგო მარადონა

უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ბრალდებულმა ასევე წარმოადგინა ფოტოსურათები, სადაც მას სხვა ფეხბურთელები, მათ შორის, უეინ რუნი და დიეგო მარადონა, ასევე ჟურნალისტები კოცნიან. 
 
"მე ყოველთვის მკოცნიდნენ და რა გამოდის, რომ 20 წლის განმავლობაში სექსუალურად მავიწროებდნენ?" - დასძინა გასქოინმა.

პოლ გასქოინი, იგივე "გაზა", კარიერის განმავლობაში ნიუკასლის, ტოტენჰემის, ლაციოს, რეინჯერსის, მიდლსბროს და ევერტონის ღირსებას იცავდა, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი მას 57 მატჩი აქვს ჩატარებული.

პოლს კარიერის დასრულების შემდეგ საქმეები ცუდად წაუვიდა. ფეხბურთელი ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული და დიდი პერიოდი კლინიკებში გაატარა, რამდენჯერმე კი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები