Thumbnail

გიორგი ხარაიშვილი: ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ფეხბურთელი გიბრალტართან მატჩში დაშავდა
  • ხარაიშვილს ჰოსპიტალში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი გიბრალტარში 3:2 მოიგო.

მეორე ტაიმში, როდესაც საქართველო 2:0-ს იგებდა, ერთ-ერთი გოლის ავტორ გიორგი ხარაიშვილსა და გიბრალტარელ ჯეკ სერჯანტს შორის შეჯახება მოხდა, რის გამოც ჩვენებურმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ქართველმა ფეხბურთელმა 56-ე წუთზე მინდორი საკაცით დატოვა, თამაშის შემდეგ კი, ის, ხანმოკლე პერიოდით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ხარაიშვილმა ტრავმა სერჯანტთან შეჯახებისას მიიღო
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ხარაიშვილს გარკვეული სახის კვლევების ჩაუტარდა და საბედნიეროდ, თავს უკვე კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა გიბრალტარი დატოვა და შვედეთში იმყოფება, სადაც გიოტებორგის ღირსებას იცავს. მისი კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა გაავრცელა.

გიორგი ხარაიშვილი: “პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლის გატანა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ნაკრებს გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას ვულოცავ.

რაც შეეხება ტრავმის მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეჯახება იყო... ჰოსპიტალში გადამიყვანეს, სადაც ჩვენი გუნდის ექიმიც იყო. შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა, ახლა, ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.

მადლობა ნაკრების სამედიცინო შტაბს და გულშემატკივრებს, ვინც  გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები