Thumbnail

'ჯოვი დინამოელია და მისი გვეიმედება' - არჩილ ბერიძე დინამო ბათუმის გეგმებზე

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის დასრულებამდე 6 ტური დარჩა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. სატურნირო ცხრილის ლიდერებს, დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს 62-62 ქულა აქვთ და ახლა მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. 

ბათუმურ კლუბში ახლახან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ოქტომბერში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც კლუბი მართვაში კომპანია "ლამინი გრუპს" გადაეცა. მემორანდუმი მიზნად რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ისახავს, იგეგმება დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

თორნიკე რიჟვაძე (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე) და არჩილ ბერიძე

რაც მთავარია, ბათუმელები დათქმულ ვადაზე ადრე ელოდებიან 20 000-იანი სტადიონის მშენებლობის დასრულებას და იმედოვნებენ, რომ მათი დინამო, უკვე ჩემპიონის რანგში, მომავალ ეროვნულ ლიგას ახალ არენაზე დაიწყებს. ამ და კლუბთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე პოპსპორტს "ლამინი გრუპის" გენერალური დირექტორი, დინამო ბათუმის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი არჩილ ბერიძე ესაუბრა:

popsport: ბათუმის დინამომ, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, სანაკრებო პაუზის პერიოდში თურქეთში ხანმოკლე შეკრება გაიარა. როგორ გამოიყენა გუნდმა ეს პერიოდი და როგორ ემზადება გადამწყვეტი "ექვსი ფინალისთვის"?

არჩილ ბერიძე: დიახ, წინ მართლაც გადამწყვეტი ექვსი ფინალია და გუნდმა საკმაოდ კარგი შეკრება გაიარა - ემზადებოდა კარგ ბაზაზე, შესანიშნავ ატმოსფეროსა და პირობებში. იყო ამხანაგური თამაში რიზესპორთან (1:1), რომელიც საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. გუნდმა ნორმალური თამაში აჩვენა.

ტესტმატჩი რიზესპორის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა

popsport: ახლახან გაფორმდა მემორანდუმი და მართვაში გადმოგეცათ კლუბი. როგორია თქვენი გეგმები დინამო ბათუმში?

არჩილ ბერიძე: მანამდე ძალიან ბევრი ჩაიდო როგორც აჭარის მთავრობის, ისე მერიის მხრიდან, რათა ყველა დეტალი გაგვევლო, ყველაფერი გაგვეანალიზებინა და საბოლოოდ მივედით იქ, სადაც მივედით. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, ახლა კი ჯერი ჩვენზეა. იცით, რომ საკმაოდ დიდი ვალდებულება ავიღეთ ინფრასტრუქტურაზე - 9 მილიონი ლარის ღირებულების, რომელიც მოიცავს საკმაოდ მაღალი სტანდარტების ბაზის მოწყობას, თავისი ექვის დიდი და პატარა მოედნით, აკადემიით... ძალიან დიდ საქმეს შევეჭიდეთ და იმედი გვაქვს, რომ გამოგვივა.

მოგეხსენებათ, მალე დასრულდება სტადიონის მშენებლობა, რომელიც უნიკალურია თავისი ინფრასტრუქტურით და ყველაფრით. გარწმუნებთ, რომ უნიკალური იქნება ბაზაც, რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. 

popsport: უფრო კონკრეტულად, რა ეტაპზეა ინფრასტრუქტურული სამუშაოები?

არჩილ ბერიძე: უკვე დამთავრებულია ორი პატარა მოედანი, საფეხბურთო სკოლა 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - თავისი გასახდელებით, საშხაპეებით, მწვრთნელების ოთახით, ყველაფრით… სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.

ახლა იწყება ორი დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა. დაწყებულია და ექვს თვეში უნდა დასრულდეს აკადემიის მშენებლობა, რომელიც 80 ბავშვზე იქნება გათვლილი. შენობის პირველ სართულს უკვე ვამთავრებთ. აკადემია არამარტო აჭარიდან, სხვა რეგიონებიდანაც მიიღებს ბავშვებს.

ბოლო ეტაპი კლუბის ბაზის მოწყობას ითვალისწინებს. აქ დაბინავდება მთავარი გუნდი. ბაზა იქნება ევროპული სტანდარტის - ფეხბურთელების ინდივიდუალური ოთახებით, კვების ობიექტებით, გასართობი სივრცით და ა.შ.. სამუშაოები მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება სატრენაჟორო დარბაზი...

popsport: არის მოლოდინი, რომ სტადიონის მშენებლობა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდება. მაინც როდის უნდა ველოდოთ არენის გახსნას?

არჩილ ბერიძე: დიდი იმედი გვაქვს, ეროვნული ლიგის მომავალი სეზონის პირველ თამაშს, როგორც ჩემპიონები, უკვე ახალ სტადიონზე ჩავატარებთ.

popsport: ბათუმის დინამოში ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, მათ შორისაა ჯოვინო, რომელიც ბომბარდირია. მაშინ, როცა ფეხბურთელები ეროვნულ ლიგას ტრამპლინად განიხილავენ, როგორ აპირებს ბათუმური კლუბი მოთამაშეების შენარჩუნებას?

არჩილ ბერიძე: მგონი, დინამო ბათუმი ერთადერთი ქართული კლუბია, სადაც ფეხბურთელებს ორი და მეტწლიანი კონტრაქტები აკავშირებთ - დაახლოებით 80%-ს. ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ერთდღიანი გუნდის შექმნას. 

ვფიქრობ, გუნდში ფეხბურთელი ორიენტირებული უნდა იყოს განვითარებაზე და არა იმაზე, რომ მოვიდეს, ექვსი თვე ითამაშოს, ხელფასი აიღოს და წავიდეს. ეს დინამო ბათუმში არ მოხდება, მით უმეტეს, ამის წინააღმდეგია მთავარი მწვრთნელიც, რომლის კოლოსალური შრომის დამსახურებაა, რა პოზიციაზეც დღეს კლუბი იმყოფება.

რაც შეეხება ჯოვინოს, მასზე მედიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები ჩნდება. ჯოვინო დინამო ბათუმის ფეხბურთელია სამი წლით, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ და გვეიმედება მისი. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება. არ უარვყოფ, რომ იყო შემოთავაზებები და წინადადები, მაგრამ აქ არავინ იმოქმედებს თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი თხოვნაა, რომ არ იყოს ამაზე სპეკულაციები. კლუბი მოქმედებს მხოლოდ თავისი და ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჯოვინო დინამო თბილისის კარში გატანილ გოლს ზეიმობს

popsport: ბათუმის დინამო ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე. თუ იზრუნებს კლუბი ახალი ფეხბურთელების, მათ შორის ლეგიონერების მოწვევაზე.

არჩილ ბერიძე: ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს იმ ფეხბურთელებზე დაკვირვება, რომელთა მოწვევა სეზონის დასრულების შემდეგ გვსურს. ვიცით, რომ ყველა შემთხვევაში ვითამაშებთ ევროტურნირებზე და იმედი გვაქვს, ჩემპიონის რანგში. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ აუცილებლად მოხდება შევსება, აცრთუ ცოტა, მაღალკვალიფიციური მოთამაშეებით.

popsport: დაბოლოს, წინ ექვსი ფინალია. ბათუმის დინამოში გულშემატკივრების ფაქტორი, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს. რას ეტყოდით მათ დარჩენილი მატჩების წინ?

არჩილ ბერიძე: დინამოს გულშემატკივარი პირველი ფაქტორია, რამაც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვაწყვეტინა კლუბში მოსვლა. "პარატებს" უკვე მთელი საქართველო იცნობს, მათი რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება. მინდა ვუთხრა, მათ, ბათუმის დინამო არასდროს გააწბილებს მათ და ამ ექვსივე ფინალს ძალიან მომზადებული შევხდებით, და ისე, როგორც დიდ ფინალებს ეკადრება.

ასევე მსურს, მადლობა გადაგიხადოთ popsport-ს, პარტნიორები ვართ და დინამო ბათუმისთვის მართლა დიდ საქმეს აკეთებთ.

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმში 3 თვის წინ ახალი გენერალური სპონსორი მივიდა. კომპანია 'ევროპაბეთმა' დიდი საფეხბურთო ისტორიისა და ტრადიციების მქონე აჭარულ კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში კლუბში 600 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები