Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიიდან დაბრუნდა
  • ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, თითქმის თვენახევრიანი ვოიაჟის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამის ინფორმაციას რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის მსოფლიო თასზე ჩვენმა გუნდმა ურუგვაის 5 ლელო გაუტანა, ბონუსით დაამარცხა და მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში, პირველად გაიტანა მინიმუმ ერთი ლელო ყველა შეხვედრაში, მაგრამ დასახული მიზანი – ორი თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, ვერ შეასრულა.

მილტონ ჰეიგი: დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოვახერხეთ
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში გამოსვლა აეროპორტშივე შეაფასა:

“ფიჯის, ავსტრალიისა და უელსის შეჩერება ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ შევძელით კარგი თამაშის ჩვენება უელსთან მეორე ტაიმში და ავსტრალიასთან 70 წუთის განმავლობაში, მაგრამ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. წინა მსოფლიო თასთან შედარებით ნაკრები გაიზარდა, მაგრამ მაინც იმედგაცრუებულები ვართ“.

შედეგით უკმაყოფილო დარჩა ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძეც. ის იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო ტურნირი ჩვენთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდება:

“სამშობლოში უკეთეს ხასიათზეც დავბრუნებულვართ. ეს ჩვენთვის ყველაზე წარმატებული მსოფლიო თასი არ იყო, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. წინ კიდევ ბევრი ჩემპიონატი გველოდება და იმედია, თითოეული უფრო წარმატებული იქნება“.

მერაბ შარიქაძე: სამშობლოში უკეთეს ხასიათზეც დავბრუნებულვართ
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ავსტრალიასთან დასკვნით მატჩში მცირე ტვინის შერყევა მიიღო გელა აფრასიძემ, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და მალე ვარჯიშს განაახლებს:

“ტვინის შერყევა მივიღე და ნაკერები დამადეს. სერიოზული არაფერია და ცოტა ხანში ვარჯიშს დავიწყებ. რაც შეეხება მსოფლიო თასს, მაქსიმალურად ვეცადეთ კარგი თამაში გვეჩვენებინა და მიზნისთვის მიგვეღწია, მაგრამ შეცდომები დავუშვით და არ გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი გამოსწორდება. ფიჯისთან ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ გვაჯობა და ამისთვის დავისაჯეთ“.

კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეც იმედოვნებს, რომ საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასი უფრო წარმატებული იქნება:

“სამწუხაროდ, რაც გვქონდა მიზანი – ორი თამაშის მოგება, ვერ შევასრულეთ. გვაქვს 4 წელი იმისთვის, რომ მოვემზადოთ შემდგომი მსოფლიო თასისთვის და ეს მიზნები საფრანგეთში შევასრულოთ“.

ბურჯმა ბექა გიგაშვილმა წარუმატებელი მსოფლიო თასისთვის გულშემატკივარს მოუბოდიშა:

“იმაზე ვერ ვისაუბრებ, თუ რატომ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზანს. ბიჭებმა თითოეულ მატჩში 100% ჩადეს. ყველანაირად ვეცადეთ მიზნის მიღწევას, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, რისთვისაც გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდით“.

კომენტარები

ბოლო ამბები