Thumbnail
  • გოგა ბითაძემ ინდიანას მაისურით ჩატარებულ პირველივე მატჩში გაიბრწყინა
  • ქართველი ცენტრი პეისერსის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო
ბითაძის შედეგიანი შეტევა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ს ეგიდით პირველი მატჩი ჩაატარა. ინდიანა პეისერსის მიერ გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეულმა ცენტრმა ახალი გუნდის მაისური მინესოტასთან მოსამზადებელ შეხვედრაში მოირგო, სადებიუტო თამაშშივე 14 ქულა ჩააგდო და ფანები აღტაცებაში მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გოგას პეისერსის გასული მატჩები ჯერ სავიზო პრობლემების გამო გაუცდა, შემდეგ კი კოჭის ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, ბითაძე მალე მომჯობინდა და დღეს, ტიმბერვულვზთან მატჩში უკვე განაცხადში იყო.

ქართველი ლეგიონერი მოედანზე პირველი მეოთხედის მიწურულს გამოჩნდა და მისი გვარის გამოცხადებას ინდიანელთა დარბაზში შეკრებილი პუბლიკა განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა. "ჩვენ მივიღეთ გოგა" - გაჰყვიროდა ამ დროს პეისერსის ფან-სექტორი.

ახალი გუნდის მაისურით ბითაძის პირველმა ქულებმაც არ დაახანა. ქართველმა კალათბურთელმა ედმონდ სამერთან პიკ ენდ როლი გაითამაშა და ახლო მანძილიდან ჩააგდო.

მალევე გოგამ საშუალო დისტანციიდან ააცილა, სამაგიეროდ, აღარ გასცუდებია შემდეგი შეტევა. თანაგუნდელისგან ბურთი ფარქვეშ მიიღო და მისი კალათში ჩატენვა არ გასჭირვებია.

ინდიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ქართველს მე-2 ტაიმი უკვე სასტარტო ხუთეულში დააწყებინა და ჩვენებურიც სრული სვლით ამოქმედდა. გოგამ საფირმო დაფარებაც შემოგვთავაზა და რაც მთავარია, შეტევაშიც შედეგიანად ირჯებოდა. ბითაძემ კიდევ ერთ ორქულიანს 2 სამქულიანი წაამატა და მონაგარი 12 ქულამდე აიყვანა.

საბოლოო ჯამში, მინესოტასთან წაგებულ (111:119) მატჩში ქართველმა ტალანტმა მოედანზე 24:19 წუთი გაატარა და მასპინძლებს 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

საინტერესოა, რომ პეისერსის რიგებში ბითაძეზე შედეგიანი არავინ ყოფილა. შედეგად, ინდიანელთა მხრიდან საუკეთესო კალათბურთელებად სწორედ ქართველი და ლიტველი დომანტას საბონისი აღიარეს, რომელმაც 11 ქულას 13 მოხსნა წაამატა. მინესოტას რიგებში შეუდარებელი იყო გამოცდილი კარლ-ენთონი თაუნსი - 33 ქულა, 10 მოხსნა.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბითაძეს NBA-ს ეგიდით ჩინებული დებიუტი ჰქონდა, რაც რეგულარული სეზონის წინაც იმედიანად განგვაწყობს. შეგახსენებთ, რომ პეისერსს პირველი ოფიციალური შეხვედრა 24 ოქტომბერს დეტროიტ პისტონსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები