Thumbnail
  • იუვენტუსი 2:2 ტოტენჰემი.
  • 1:0 იგუაინი (2), 2:0 იგუაინი (9-პენ), 2:1 კეინი (35), 2:2 ერიკსენი (72).
  • ტოტნჰემმა მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
  • იუვენტუსს „უემბლიზე“ მოგება გაუჭირდება.

გონსალო იგუაინი უცნაური ფეხბურთელია - მხოლოდ მას შეუძლია, მნიშვნელოვან შეხვედრაში დუბლი შეასრულოს, რამდენიმე ძალიან მაგარი დრიბლინგიც განახორციელოს და მაინც მატჩის ანტიგმირი გახდეს...

პაულო დიბალას და ხუან კუადრადოს არყოფნის გამო, მასიმილიანო ალეგრის წინა ხაზზე დიდი არჩევანი არ ჰქონდა. უფრო სწორად, იუვეს მწვრთნელს საერთოდ არ ჰქონდა არჩევანი და ყველა ჯანმრთელი შემტევი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა - 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, გონსალო იგუაინის უკან ფედერიკო ბერნარდესკი, დუგლას კოშტა და მარიო მანჯუკიჩი ვიხილეთ.

იგუაინმა დუბლით დაიწყო, მაგრამ...

მატჩი, ფაქტობრივად ტურინელთა გოლით დაიწყო - „ბებერი ქალბატონი“ მე-2 წუთზე იგუაინმა გააზრებულ-დამუშავებული კომბინაციის უნაკლოდ დაგვირგვინებით დააწინაურა - არგენტინელმა მირალემ პიანიჩს ჭკვიანური პასისთვის მადლობა გადაუხადა და ლორისს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

სანამ ტოტენჰემი შოკიდან გამოვიდოდა, იუვემ მეორეც გაიტანა! ბერნარდესკიმ საჯარიმოში ბურთისთვის ბრძოლისას დევისს დასწრო, ამ უკანასკნელს კი თამაშის წესების დარღვევა გამოუვიდა. პენალტი იგუაინმა შეასრულა - ლორისმა კუთხე გამოიცნო, მაგრამ „პიპიტას“ ძლიერი დარტყმა ვერ მოიგერია.

ამრიგად, მე-9 წუთზე იუვენტუსი უკვე 2:0-ს იგებდა, ტოტენჰემის საქმე კი წასული ჩანდა. კმაყოფილმა ტურინელმა ტიფოზებმა კი იტალიის ჰიმნი შემოსძახეს - „იუვენტუს-არენა“ პატრიოტულმა სულისკვეთებამ მოიცვა.

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იუვენტუსის პრესინგი და შოკირებული ტოტენჰემის დასჯა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტურინელებმა ბურთიც დათმეს და მოედნის ცენტრიც. თანაც, ალეგრის გუნდმა ეს აშკარად განგებ გააკეთა - ტოტენჰემს აზრზე მოსვლაც აცადა, შეტევების ორგანიზებაც და რა გასაკვირია, რომ ინგლისელებმა ეს საჩუქარი გამოიყენეს. 35-ე წუთზე ჰარი კეინი ბუფონთან პირისპირ დარჩა, ჯიჯის გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მანამდე იგუაინს მესამე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს კი არგენტინელმა დუგლას კოშტას მიერ მოპოვებული პენალტიც ვერ გაიტანა - ბურთი ხარიხას მოარტყა!

მეორე პენალტი იგუაინმა ხარიხას მოარტყა

იგუაინი ძალიან ახლოს იყო მატჩის გმირობასთან, ახლა კი შანსი აქვს, არა მარტო ამ შეხვედრის, არამედ მთლიანად ტოტენჰემთან ორმატჩიანი დუელის ანტიგმირი გახდეს!

საქმე ისაა, რომ იუვემ მეორე ტაიმში გოლის გატანა ვეღარ შეძლო - პირიქით, 72-ე წუთზე ერიკსენმა ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა (ბუფონს მის მიეც დაცულ კუთხეში გაუტანა). ზოგადად, ერიკსენი მოედანზე საუკეთესო იყო. ტურინელებმა მეორე ნახევარშიც შექმნეს მომენტები (პირველ რიგში, ბერნარდესკის დარტყმა უნდა გავიხსენოთ, როცა ტოტენჰემი ლორისმა გადაარჩინა), მაგრამ უშედეგოდ.

ალეგრის შეტევის გაძლიერება არ შეეძლო - ბენტანკურის, ასამოას და სტურაროს მოედანზე შეყვანა უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებულ ცვლილებებს ჰგავდა. ტოტენჰემმა კი, განსაკუთრებით ერიკსენის გოლის შემდეგ საკუთარი ძალების ირწმუნა და მატჩი სასურველ ფრემდე მიიყვანა.

ჯორჯო კიელინის და ჰარი კეინის ორთაბრძოლა

ტურინში დაფიქსირებული 2:2 ტოტენჰემისთვის ძალიან კარგი, ფაქტობრივად იდეალური ანგარიშია. საპასუხო შეხვედრისთვის იუვენტუსს, სავარაუდოდ, დიბალა გამოუჯანმრთელდება, მაგრამ ალეგრის გუნდს „უემბლიზე“ მოგება, ან ისეთი ფრის დაფიქსირება, სადაც მინიმუმ 2 ბურთს გაიტანს, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდება...

კომენტარები

ბოლო ამბები