Thumbnail

დასჯის უეფა თურქეთს? ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლში გამართვა საეჭვოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შესაძლოა, სტამბოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან
  • მიზეზი თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე დაწყებული სამხედრო მოქმედებებია
  • ამ საკითხზე კომენტარი უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ გააკეთა

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია განიხილავს მოწოდებებს 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩასატარებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. 

წესით, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას სტამბოლმა უნდა უმასპინძლოს, თუმცა მრავალი ექსპერტი და გულშემატკივარი უეფასგან ითხოვს, თურქულ ქალაქს ფინალის მიღების უფლება ჩამოართვას. ამის მიზეზი სამხედრო ოპერაციაა, რომელიც თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ წამოიწო. 

ამ ჟესტის გამო უეფამ შესაძლოა თურქეთის ნაკრები დასაჯოს

უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელების მიერ გოლების აღნიშვნამ - მოთამაშეებმა წარმატება უკვე ორჯერ, ალბანეთსა და საფრანგეთთან მატჩების დროს გამოხატეს სამხედრო მისალმებით, რაც პროვოკაციულ ჟესტად შეფასდა.

მეტი ამ თემაზე: სკანდალური სამხედრო სალამი - თურქეთის ნაკრების ჟესტს უეფა შეისწავლის

თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით საფრანგეთის სპორტის მინისტრი გამოვიდა.

"ვიმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, სპორტის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის პატივისცემიდან გამომდინარე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევცვლით გაეროს, ევროკავშირსა თუ აშშ-ს, დიპლომატებსა თუ პოლიტიკოსებს. უეფას გადაწყვეტილება ორგანიზაციის პრეზიდენტსა და აღმასკომთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება", - აცხადებს მიშელ უვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების ფინალი სტამბოლის ათათურქის სახელობის სტადიონმა 2020 წლის 30 მაისს უნდა უმასპინძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები