- უკრაინა 2:1 პორტუგალია, ბულგარეთი 0:6 ინგლისი
- პორტუგალიელმა ვარსკვლავმა საიუბილეო გოლი კიევში გაიტანა
- ინგლისელები რასისტული შეძახილების მსხვერპლნი გახდნენ
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. ეს, უკრაინის დედაქალაქ კიევში მოხდა, სადაც პიერენეელები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში მასპინძლებს გაეჯიბრნენ და 1:2 დამარცხდნენ.
შეხვედრის 71-ე წუთზე არბიტრმა უკრაინელთა ნახევარმცველ ტარას სტეპანენკოს მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტიც დანიშნა, რომელიც რონალდომ ზუსტად შეასრულა და საიუბილეო ნიშნულს უწია.
პორტუგალიელ თავდამსხმელს 450 გოლი მადრიდის რეალის მაისურით აქვს გატანილი, 118 – მანჩესტერ იუნაიტედში, 95 – პორტუგალიის ნაკრებში, 32 – იუვენტუსში, ხოლო 5 – სპორტინგში.
კრიშტიანოს გულში ხინჯად ის თუ დარჩებოდა, რომ მისმა გარჯამ სტუმრები მარცხისგან ვერ იხსნა, უკრაინის ნაკრებმა კი შვიდ მატჩში 19 ქულა მოაგროვა და ევროპის პირველობის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.
საინტერესო ამბები იყო სოფიაშიც, სადაც ინგლისის ნაკრები ჩავიდა, ბულგარეთი 6:0 გაანადგურა და 15 ქულით A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. დუბლის შესრულება როს ბარკლიმ და რაჰიმ სტერლინგმა მოახერხეს, მასპინძლებმა კი თავი მხოლოდ მინდორს გარეთ აქტიურობით გამოიჩინეს.
საქმე ის გახლავთ, რომ ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილები ისმოდა, რის გამოც ხორვატ მსაჯ ივან ბებეკს მატჩის 2-ჯერ შეწყვეტა მოუხდა. საერთო ჯამში, თამაში 5 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კი უკვე გამოაცხადა, რომ უეფა-ს ბულგარელთა მკაცრად დასჯას მოსთხოვს.
კომენტარები