Thumbnail
  • ბაიერნმა 31 წლის მეკარე თბილ ქვეყანაში დასასვენებლად შვებულებაში გაუშვა.
  • ნოიერის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

გერმანიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ განაცხადა, რომ ბაიერნის გოლკიპერის მანუელ ნოიერის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და  სავარაუდოდ, ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. 

55 წლის სპეციალისტის თქმით, რომელიც გერმანიის ეროვნული გუნდის ღირსებას 1990-1998 წლებში იცავდა, მიუნხენელთა მეკარეს ფორმაში ჩადგომა უმოკლეს დროში შეუძლია.

31 წლის მეკარემ ფეხის ტერფის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ¼-ფინალში, რეალთან შეხვედრაში მიიღო, სექტემბერში კი რეციდივი ჰქონდა.

“იმედი მაქვს, რომ ნოიერი ჯანმრთელი იქნება და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 2014 წლის მუნდიალის წინ მანუელმა დაამტკიცა, რომ მას მოსამზადებლად დიდი დრო არ სჭირდება. მაშინ ნოიერმა ტრავმა გერმანიის თასის ფინალში მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ ვარჯიშობდა. მანუელ ნოიერთან კონტაქტი მუდმივად მაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს”, - აქვეყნებს კიოპკეს ნათქვამს Sport1.  

მანამდე ბაიერნის სამედიცინო შტაბმა გუნდის კაპიტანს ხანმოკლე შვებულება გამოუწერა და მეკარე 18 თებერვლამდე რომელიმე თბილ ქვეყანაში ინდივიდუალურად მოემზადება.

მიმდინარე სეზონში მანუელმა ყველა ტურნირში 4 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაუშვა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მუნდიალზე F ჯგუფში მექსიკას, შვედეთსა და სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები