Thumbnail
  • მადრიდელები კამპ ნოუზე პროვოკაციებს ელიან
  • კატალონიელები მათი ლიდერების დაკავებას ვერ ეგუებიან

მადრიდის რეალი მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნას მიღებული ბარსელონასთან მატჩისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს კამპ ნოუზე გახლავთ დაგეგმილი.

აღნიშნულის საფუძველი კვლავაც ესპანური პოლიტიკური ბატალიებია, რომელმაც დღეს ახალი ძალით იფეთქა.

კატალონიელ პოლიტიკოსებს მკაცრი განაჩენი გამოუტანეს

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პირების სასამართლო შედგა და მათ მკაცრი სასჯელი გამოუტანეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ დაძაბულობამ პიკს 2017 წელს უწია, როდესაც ბარსელონაში გრანდიოზული აქციები გაიმართა და არეულობის ხელმძღვანელებიც სწორედ მაშინ დააკავეს.

დღეს, მაქსიმალური სასჯელი – 13-წლიანი პატიმრობა კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ორიოლ ჟუნკერასს გამოუტანეს, სხვა ფიგურანტები კი ციხეში 9-დან 12-წლამდე პერიოდს გაატარებენ.

ცეცხლზე ნავთი ბარსელონამ დაასხა, რომელმაც გაფრთხილება ყურად არ იღო, დაკავებულები პოლიტპატიმრებად მოიხსენია და მათი მხარდასაჭერი სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

“საფეხბურთო კლუბი ბარსელონა კატალონიის ერთ-ერთი წამყვანი საზოგადოებაა, რომელიც თავისი უდიდესი ისტორიიდან გამომდინარე, მუდმივად დგას გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე.

ამდენად, ესპანური სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებდით. გვინდა განვაცხადოთ, რომ კატალონიელი ლიდერების ციხეში გამომწყვდევა კონფლიქტის გადაჭრაში ვერ დაგვეხმარება.

ბარსელონა ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდებს პრობლემის აღმოსახვრელად მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს, მათ დაკავებას კი კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.

ამავე დროს, კლუბი დაპატიმრებულებს და მათ ოჯახებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს”.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პერსონალური კომენტარის გაკეთება ჩათვალა საჭიროდ ბარსელონას კაპიტანმა ჟერარ პიკემ, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის აქტიური მხარდაჭერია.

“ამაყი ვარ, რომ ამ კლუბში ვირიცხები”, - დაწერა მან ტვიტერზე ბარსელონას განცხადების კომენტირებისას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალ ელ კლასიკოს ყველა განსაკუთრებული ინტერესით და სიფრთხილი ელის. 

რეალის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კატალონიელი ქომაგები თამაშს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამოსავლენად გამოიყენებენ.

"მშვიდობიან პოლიტიკურ ლიდერებს მხოლოდ დიქტატურის დროს აკავებენ" - პოლიტიკური ბანერი ბარსელონა-ინტერის მატჩის დროს

მადრიდელები არც რეალის ფეხბურთელების მიმართ პროვოკაციებს გამორიცხავენ, მითუმეტეს, რომ გარკვეულ ინციდენტებს ადგილი ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურშიც ჰქონდა, როდესაც ბარსელონა ესპანურ პოლიტიკურ ამბავთან კავშირის არმქონე მილანის ინტერს მასპინძლობდა.

ლა ლიგის 8 ტურის თავზე რეალი 18 ქულით პირველ ადგილზეა, ბარსელონა კი მას 2 ქულით ჩამორჩება. 19 ოქტომბერს მადრიდელები მალიორკას სტუმრობენ, ხოლო კატალონიელები – ეიბარს. ყველასთვის საყვარელი ელ კლასიკო კი მე-10 ტურში ჩატარდება და უჩვეულო დროს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები