Thumbnail
  • rugbyworldcup.com-მა საქართველოს ნაკრებს სტატია მიუძღვნა
  • კვესელაძე და გორგოძე გუნდში საუკეთესოებად დაასახელეს

რიგით მეხუთე სარაგბო მსოფლიო თასი ბორჯღალოსნებისთვის დასრულებულია. მილტონ ჰეიგის გუნდმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია - ვერ დაიკავა პულში მე-3 ადგილი, რომელიც მომდევნო მსოფლიო თასის საგზურის გარანტიაა. "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაი დამაჯერებლად დაამარცხეს, მაგრამ წააგეს გადამწყვეტი თამაში ფიჯისთან. მოლოდინისამებრ, გუნდი უელსთან და ავსტრალიასთანაც დამარცხდა, თუმცა "ვოლაბებთან" დაცვაში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. 

სარაგბო მსოფლიო თასის ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრებს, შემაჯამებელი სტატია მიუძღვნა სათაურით: "საქართველომ უნდა გამოასწოროს შეუსაბამობა მორკინალებსა და ბეკებს შორის".

"საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასი იმედგაცრუებით დაასრულა, გუნდმა ვერ მოიგო ორი მატჩი და ვერ დაიკავა მე-3 ადგილი პულში.

ჰეიგის გუნდს ხელი შეუშალა იმ შეუსაბამობამ, რომელიც ნაკრებშია საფრანგეთის ტოპდივიზიონში მოთამაშე მორკინალებსა და ბეკებს შორის, რომელთა ნაწილი ჯერაც სანახევროდ პროფესიულ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

როგორც ჩანს, ეს პროცესი დაწყებულია - თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე და გიორგი კვესელაძე ამის ნიშანია, მაგრამ სანამ პროცესი დასრულდება, საქართველო ყოველთვის მდევრის როლში იქნება.

🗒 მეტი ამ თემაზე

მათი თამაში სტატიკაში, შერკინება მშვენიერი იყო იმისთვის, რომ დრო და დრო, გუნდი ძლიერ მეტოქეებს ებრძოლოს, ავსტრალიასთან "ბორჯღალოსნების" თამაში დაცვაში ეპიკური იყო.

ჰეიგი იაპონიაში რჩება, სადაც სანტორის ჩაიბარებს, საქართველოში კი ჰეიგის ეპოქა დასრულდა. ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს".

მსოფლიო თასის საიტმა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეებიც დაასახელა - გიორგი კვესელაძე და მამუკა გორგოძე.

"შეუძლებელია ამ ორიდან ერთ-ერთის ამორჩევა. 21 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე და ლეგენდარული "გორგოძილა" მამუკა გორგოძე. კვესელაძე ორიდან ერთ-ერთი "ბორჯღალოსანია", რომელმაც ყველა მატჩი დაიწყო. რაც შეეხება გორგოძეს, მან 31 ბოჭვა შეასრულა, ნაკრებში ყველაზე მაღალი პროცენტით (97%)". 

მოედანზე ქართველთა საუკეთესო მომენტად ურუგვაისთან მატჩში საუკეთესო ოთარ გიორგაძის თამაში დასახელდა:

"ის ძალიან სწრაფია და ისეთი ძლიერი, თითქოს, პირველხაზელია. გიორგაძე მხოლოდ 23 წლისაა და ის შეიძლება გახდეს, "ახალი გორგოძე". დავაკვირდეთ მას ბრივში, სადაც რამდენიმე სხვა ქართველთან ერთად თამაშობს".

რა იქნება მომავალში? მსოფლიო თასის საიტს ასე მიაჩნია: "ვეტერანები, გორგოძე, კაჭარავა, ნემსაძე, სუთიაშვილი და, ალბათ, სხვებიც საერთაშორისო სცენას ჩამოცილდებიან. ისინი გზას იმ ახალგაზრდებს დაუთმობენ, რომელთა ნაწილი ჰეიგმა იაპონიაში წაიყვანა. 

საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია პირველი დონის ქვეყნებთან ასე ხშირად, როგორც ამ მსოფლიო თასამდე და მის განმავლობაში. ახლა მთავარია, მათ კვლავ მიიღონ ასეთი შესაძლებლობები, რომ პროგრესი გაგრძელდეს".

კომენტარები

ბოლო ამბები