Thumbnail

პატრიკ კლუივერტი: ნიკოლოზ ქუთათელაძეს საქართველოსა და მსოფლიოს გაოცება შეუძლია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 2 წელია, ნიკოლოზ ქუთათელაძე პარი სენ-ჟერმენში ირიცხება.
  • 16 წლის ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ს 17-წლამდელთა გუნდის წევრია.
  • ფრანგულმა გრანდმა მასთან უკვე პროფესიული ხელშეკრულება გააფორმა.
  • ქუთათელაძე თავდამსხმელია - წინა სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

რეჟიმი მკაცრია. თუ თამაში არ აქვს, ყოველდღე ვარჯიშებია. გუნდში არსებული პირობებისა და გრაფიკის გათვალისწინებით, მას ახლა სკოლაში სიარული აღარ უწევს. კლუბს მისთვის და რამდენიმე თანაგუნდელისთვის, მასწავლებლები ბაზაზე მიჰყავს. მოთხოვნა ერთია: თუ არ ისწავლი და განათლებას არ მიიღებ, გუნდი შენთან ურთიერთობას არ გააგრძელებს და ვერც პროფესიულ წინსვლაზე იფიქრებ.

ნიკოლოზ ქუთათელაძე

საწვრთნელ ბაზაზე ხანგრძლივი მიმოწერისა და ადგილზე ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან შეხვედრის შემდეგ შევდივართ. აქ მშობლებს უშვებენ, მაგრამ ჟურნალისტებისა და კამერებისთვის კარი ღია ყოველთვის არ არის. ამას მარტივი მიზეზით ხსნიან - ამ ასაკში ფეხბურთელებისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.

საწვრთნელი პროცესი დაახლოებით ორ საათს გრძელდება. ამ ასაკობრივ გუნდში 30-მდე ფეხბურთელი ირიცხება. ვარჯიშისას, ახალგაზრდა ფეხბურთელებს 5 მწვრთნელი ჰყავთ. გუნდი ორად იყოფა. ისინი, ვინც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან და ნაწილი, რომელიც სარეზერვოა. მეკარეები დანარჩენ მოთამაშეებს მხოლოდ ორმხრივი თამაშისას უერთდებიან.

ვარჯიშამდე, მწვრთნელი ფეხბურთელებს გარკვევით უხსნის, რას ითხოვს მათგან, ვინ რა პოზიციაზე უნდა დადგეს და ვის როგორი სამოძრაო არეალი აქვს. დღეს ქართველისგან მწვრთნელი პასიური თავდამსხმელის ფუნქციას ითხოვს - მან უნდა დატვირთვოს მოწინააღმდეგე მცველები, მიმართოს პრესინგს, რომ თანაგუნდელებს შეტევა გაუადვილდეთ. იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მითითებებს არ შეასრულებ, ის ვარჯიშს აჩერებს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ყველა ფეხბურთელი აგროვებს მინდვრის სიახლოვეს დაყრილ ბოთლებსა და ნაგავს. მწვრთნელი კი ვარჯიშს ფეხბურთელებთან ერთად აანალიზებს. მერე ფეხბურთელები პსჟ-ს ძირითად ბაზაზე ინაცვლებენ და სადილობენ. ბაზაზე მოსახვედრად ყველა მათგანმა იცის კოდი, რომლის გარეშეც შიდა ტერიტორიაზე ვერ მოხვდები. აქ ქუთათელაძეს ყოველდღიურად უწევს ისეთი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა, როგორებიც ედინსონ კავანი, ნეიმარი და პსჟ-ს სხვა ვარსკვლავები არიან. ვარჯიშის გადაღება აკრძალულია, დაცვა - მკაცრი.

ვარჯიშის შემდეგ ქუთათელაძე სახლში ბრუნდება. მისი ოჯახი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. პატარა ძმა, სანდროც პსჟ-ს ასაკობრივ გუნდში ირიცხება. ტიტულებიც აქვს - მისმა გუნდმა ქვეყნის თასი მოიპოვა. ორი გოლი სწორედ სანდრო ქუთათელაძის ანგარიშზეა. პსჟ-ს მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, პატრიკ კლუივერტმა, პატარა ქართველს თავის გამოჩენისთვის სპეციალური თასიც გადასცა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. სანდროს კამერებთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ უყვარს. ამიტომ, ჩვენი ძირითადი რესპონდენტი ნიკუშაა, თუმცა ინტერვიუს პროცესში უფროს ძმას რჩევებს აქტიურად აძლევს.

რა მიზნები აქვს? როგორია პარიზში ცხოვრება? რა რჩევებს იღებს ძმისგან? ვინ არის მისთვის მისაბაძი მაგალითი? ჰყავს თუ არა ათლეტური ვიზუალის მომხიბლავ პატარა ფეხბურთელს თაყვანისმცემლები? ამას უკვე პირადად მისგან მოისმენთ.

“ჯერ პრაღის სპარტაში ვთამაშობდი, შემდეგ ლილში გადავედი, ბოლოს კი - პსჟ-ში აღმოვჩნდი. თავის დამკვირდება არ გამიჭირდა. პსჟ-ში ბევრი უცხოელია, ამიტომ ეს პრობლემა არ იყო,” - ამბობს ქუთათელაძე და კითხვაზე, ეშინია თუ არა კონკურენციის, ასე პასუხობს: “კონკურენცია ჩემთვის მოტივაციაა. თუ კონკურენცია არ იქნება, წინ ვერ წახვალ და დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ.”

პსჟ-ს ვარსკვლავებთან შეხება ჯერჯერობით გამარჯობა-ნახვამდის დონეზე აქვს. პარიზში ის ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარეს: “ზლატანს იმიტომ შემადარეს, რომ ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი გავიტანე და მათ შორის ერთი - მაკრატელა.”

ქართველი ფეხბურთელებიდან მისთვის მისაბაძი მაგალითი შოთა არველაძეა: “იმიტომ, რომ მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და დიდ გუნდებში უთამაშია! უცხოელებიდან ყველაზე მეტად ნეიმარი მომწონს.”

კითხვაზე, რა არის ფეხბურთში ყველაზე მთავარი, ნიკოლოზი ასე პასუხობს: “ფეხბურთში ყველაზე მთავარი ფეხბურთის თამაშია. ჩემი ოცნებაა, რომ პსჟ-ს პირველ გუნდში ვითამაშო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავისრულო!”

როგორია ქუთათელაძის ერთი დღე? “დილით შვიდ საათზე ვდგები. ვარჯიშზე უნდა მივიდე ცხრას რომ 15 წუთი აკლია. ვარჯიში ათის ნახევარზე იწყება. მისი დასრულების შემდეგ ვსაუზმობთ. თუ ცოტა დრო გვაქვს, ნეიმარის და სხვების ვარჯიშს ვუყურებთ. მეორე ვარჯიშიც გვაქვს, რომლის დასრულების შემდეგ სახლებში მივდივართ და ვიძინებთ.”

ნიკოლოზ ქუთათელაძემ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში უკვე ითამაშა - ამბობს, რომ მისთვის ეროვნული დროშის ქვეშ თამაში დიდი პატივია. სკაუტებს თუ დავუჯერებთ, მისი გადაბირება აიაქსს და მონაკოს სურთ, მაგრამ ნიკოლოზი მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრობს: “პსჟ-ში თამაში მინდა! ეს გუნდი ძალიან მომწონს. ნეიმარიც აქ არის და ამიტომ უფრო მინდა პარიზში თამაში.”

კლუივერტი: მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია!

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემები და სათამაშო სტილი სკაუტების მხედველობის მიღმა არ დარჩენილა. Ill de France-ს მიწის მთავარი სკაუტი, სადამ მედჯაჰდი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პარიზის რეგიონში თამაში ძალიან რთულია. მით უფრო, 25 შეხვედრაში 20 გოლის გატანა. მედჯაჰდის თქმით, ქუთათელაძესთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე გუნდმა გამოთქვა, მათ შორის ამსტერდამის აიაქსმა და მონაკომ.

„პარიზის რეგიონის ჩემპიონატი ძალიან სპეციფიკური სათამაშოა. ნიკოლოზ ქუთათელაძე ჩემი ყურადღების ობიექტივში მას შემდეგ მოხვდა, როდესაც 25 თამაშში 20 გოლის გატანა შეძლო. თავისი ასაკისთვის ძალიან ათლეტური აღნაგობისაა და ადვილად უმკავდებოდა მცველებს. პარიზის რეგიონის ჩემპიონატის სირთულიდან გამომდინარე, ნიკუშამ ძალიან კარგად გაართვა თავი დავალებას და 20 გოლი გაიტანა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მისით დაინტერესდნენ ამსტერდამის აიაქსი და მონაკო, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. მათ ამ ბავშვის შესახებ ყველაფერი აინტერესებდათ. მას მშვენიერი მომავალი აქვს და მჯერა, ყველაფერი კარგად ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკუშა ჩვენ და საქართველოს ასახელებს, რადგან ამ ლიგაშიც ძალიან რთულია ამდენი გოლის გატანა,” - აცხადებს სადამ მედჯაჰდი. 

ნიკოლოზ ქუთათელაძის ტალანტი ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, პატრიკ კლუივერტმაც შეამჩნია. მისი აზრით, ნიკოლოზ ქუთათელაძე გააოცებს საქართველოსა და მსოფლიოს. კლუივერტი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სახით საქართველოს დიდი თავდამსხმელი ეყოლება.

„ნიკოლოზი გვაოცებს თავისი სპორტული წარმატებებით. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ პირველ რიგში, ის კარგი ბიჭია და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამბობს კლუივერტი, - ის მოედანზე ყოველთვის კონცენტრირებულია. კარგი თავდამსხმელის თვისებები აქვს და ვფიქრობ, რომ მას შეუძლია გახდეს დიდი ფეხბურთელი. ის უნდა დარჩეს ორიენტირებული იმაზე, რასაც აკეთებს დღეს და აუცილებლად გააოცებს საქართველოს და მსოფლიოს - თუკი მიეცემა საშუალება გამოამჟღავნოს თავისი ტალანტი. იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება შანსი, მიაღწიოს წარმატებას. ვგრძნობ, რომ ის კარგი ბიჭია, სწორი, ჯანსაღი აზროვნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამყაროში. მას ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კონცეტრირებულია თამაშზე და ზუსტად იცის, რა უნდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც გაქვს მიზანი და იცი, რა გინდა, ადრე თუ გვიან, შენ ამას მიაღწევ. ნიკოლოზი უნდა იყოს მშვიდი და მომთმენი, აკეთოს ის, რასაც ახლა აკეთებს. როგორც აღვნიშნე,  ნიკოლოზი კარგი ბიჭია და ყველა აღნიშნული თვისება, პლუს თავდაუზოგავი შრომა, თამაშზე კონცენტრირება - ეს ყველა ის ინგრედიენტია, რომელიც მას ძალიან დიდ თავდამსხმელად აქცევს!”

იმედია, რომ ლეგენდარული კლუივერტის სიტყვები გამართლდება და ახალგაზრდა ქართველი არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ მსოფლიოს გაოცებას შეძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები