Thumbnail
  • 📅 15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში მეშვიდე მატჩს გამართავს
  • გიბრალტარი ერთადერთია, ვისაც საქართველო ბოლო წლებში შესარჩევებში უგებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე მატჩისთვის და მეორე გამარჯვებისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდს ჯგუფში ერთადერთი მოგება სწორედ გიბრალტართან აქვს მოპოვებული. მაშინ, საქართველოს ნაკრებმა სუსტ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა: თავი ვაკო გვილიამ, გიორგი პაპუნაშვილმა და ვატო არველაძემ გამოიჩინეს. მოახლოებულ შეხვედრაში ვერცერთი მათგანი ვერ მიიღებს მობაწილეობას.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარში დანაკლისით ჩავიდა. ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო, გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო, მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია. შედეგად, საქართველოს ნაკრები გიბრალტარში 19 ფეხბურთელით გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარში 19 ფეხბურთელით ჩავიდა
📷 | GFF

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

გიბრალტარი ჯგუფის უსუსტესი გუნდია, თუმცა ალბათ მაინც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმირ ვაისმა ძირითადი შემადგელობა მკვეთრად გადაახალისოს. შესაძლოა, დაცვის მარცხენა ფრთაზე დინამო ბათუმის ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი ვიხილოთ, რადგან ის უფრო აქტიურია შეტევში, ვიდრე ჯიმი ტაბიძე. დაცვის ცენტრში კი, გურამ კაშიას, სავარაუდოდ, საბა კვერკველია შეცვლის.

როგორც აღვნიშნეთ, გიბრალტარში თორნიკე ოქრიაშვილი ვერ გაემგზავრა და საინტერესოა, ვინ დაიკავებს მის ადგილს. შესაძლოა, ეს ლევან შენგელია იყოს, თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შანსი გიორგი ხარაიშვილმა მიიღოს. საინტერესოა, დაშლის თუ არა ვლადიმირ ვაისი კანკავა-კიტეიშვილის საყრდენ ხაზს და ჩაანაცვლებს თუ არა რომელიმეს გიორგი აბურჯანია. ირლანდიასთან აქტიურად ჩაერთო თამაშში ელგუჯა ლობჯანიძე, მაგრამ დიდი ალბაობით, გიბრალტართან ერთადერთი გამოკვეთილი ფირვარდი ისევ გიორგი ქვილითაია იქნება.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ფრედ ითამაშა - კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
📷 | GFF

გიბრალტარის ნაკრები 

გიბრალტარმა უეფას დროებითი წევრობა 2012 წლის ოქტომბერში მოიპოვა, მუდმივი წევრის სტატუსი კი 2013 წლის მაისში დაიმსახურა და ამ დროისთვის უეფას ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფოა, 6,5 კმ² კილომეტრის ფართობითა და 30 000-ზე ცოტა მეტი მოსახლით. 2016 წლის მაისიდან გიბრალტარი ფიფას 211-ე წევრი გახდა, ამ ორგანიზაციის სანაკრებო რეიტინგში კი ამჟამად 197-ე ადგილზეა (საქართველო 91-ეა).

წაიკითხერა გამოაჩინა ირლანდიასთან მატჩმა - გათვლები ბელარუსთან თამაშისთვის

გიბრალტარი ევროპის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია, თუმცა ორი ოფიციალური მატჩი მოგებული აქვს: სტუმრად სომხეთთან (1:0), რაც დიდი სენსაცია იყო და საკუთარ მოედანზე ლიხტენშტაინთან (2:1). მიმდინარე შესარჩევ ციკლში გიბრალტარელებს 5 მატჩიდან 5 მარცხი აქვთ და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

საოცნებო მეტოქე და მძიმე სტატისტიკა

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს. ბოლო 4 წელიწადში ნაკრებმა შესარჩევ ეტაპებზე 17 მატჩი გამართა და მხოლოდ ორი მოიგო: ორივე გიბრალტართან! დანარჩენი 15 შეხვედრა ან ფრედ დამთავრდა, ან მეტოქე გუნდის გამარჯვებით. ამ უმძიმეს სტატისტიკას სამშაბათის შეხვედრა ვერ უშველის - კარგ შემთხვევაში, გიბრალტარი დარჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპებზე უგებს (ერთა ლიგას და ტესტ-მატჩებს თუ არ ჩავთვლით).

2015 წლის 8 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 4:0 დაამარცხა გიბრალტარი, გოლები კი მათე ვაწაძემ (2), თორნიკე ოქრიაშვილმა და ვაყო ყაზაიშვილმა გაიტანეს. მიმდინარე შესარჩევის თამაშზე ზემოთ ვისაუბრეთ: საქართველოს ნაკრებმა ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილის და ვატო არველაძის გოლებით მოიგო.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი თამაში აქვს ჩატარებული გიბრალტართან და ისიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. 2014 წლის 14 ოქტომბერს, თემურ ქეცბაიას გუნდმა 3:0 სძლია მეტოქეს, გოლები კი ნიკოლოზ გელაშვილის, თორნიკე ოქრიაშვილის და ჯაბა კანკავას ანგარიშზეა. მოკლედ, საქართველოს ნაკრებისთვის გიბრალტარი კომფორტული მეტოქეა...

საქართველო 3:0 გიბრალტარი | ვაკო გვილიას გოლი

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებებს ერთმანეთთან სამი მატჩი აქვთ ჩატარებული. საქართველომ სამივეჯერ ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვა - 3:0, 4:0, 3:0.

⚽ გიბრალტართან შეხვედრა ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე 39-ეა. სლოვაკი სპეციალისტის ანგარიშზე დღემდე 14 მოგება, 12 ფრე და 12 მარცხია.

⚽ ვაისის მწვრთნელობით საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი, 14 მატჩი მოიგო. ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას 13-13 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

⚽ გიბრალტარს საერთაშორისო ასპარეზზე სულ 43 მატჩი აქვს ჩატარებული (ამხანაგურების გათვალისწინებით) - 4 მოგება, 3 ფრე, 36 მარცხი. 

⚽ ევროშესარჩევებში გიბრალტარის ნაკრებმა 15-ივე შეხვედრა წააგო, აქედან 13-ში კი გოლიც ვერ გაიტანა. 

⚽ გიბრალტარის ნაკრებმა ბოლო 8 მატჩი ისე წააგო, რომ გოლი არ გაუტანია და საშუალოდ ერთ თამაშში 2.75 გოლს უშვებდა.

⚽ გიბრალტარში გამორჩეული ფეხბურთელი 31 წლის მცველი ჩიპოლინაა. მან უეფას ერთა ლიგაში სომხეთსაც გაუტანა და ლიხტენშტაინსაც.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა, კიტეიშვილი - შენგელია, ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

კომენტარები

ბოლო ამბები