Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების წევრი ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება
  • ინგლისური ტურნირის საპრიზო ფონდი 432 500 დოლარია

ინგლისის კუნძულ მენზე გრძელდება მსოფლიოში უძლიერესი საჭადრაკო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 432 500 დოლარია.

მე-3 ტურში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების 2 წევრი დაუპირისპირდა და თეთრი ფიგურებით მოთამაშე ივან ჩეპარინოვმა (2670) ბაადურ ჯობავას (2617) დამარცხება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ჩეპარინოვი წლების განმავლობაში ბულგარეთის ღირსებას იცავდა, საქართველოს მოქალაქეობა კი შარშან მიიღო.

ივანმა FIDE Chess.com Grand Swiss 2019-ზე 2.5 ქულა მოაგროვა და მესამე-მეთორმეტე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-7 პოზიცია უკავია.

მაგნუს კარლსენი, ჯერჯერობით, მხოლოდ 28-ე ადგილზეა

ჯობავა 1.5 ქულით მე-180 საფეხურზე იმყოფება, ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი (2422) კი ნული ქულით 152-ეა.

ქულათა მაქსიმუმით ჩინელი ჰაო ვანგი (2726) და ამერიკელი ფაბიანო კარუანა (2812) ლიდერობენ, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე მაგნუს კარლსენმა (2876) კი უკვე 2 ყაიმი დააფიქსირა და 2.0 ქულით მხოლოდ 28-ეა.

მე-4 ტურში ცენტრალური სწორედ კარუანას და ჰაოს პარტია იქნება, ჩეპარინოვი თეთრებით რუს ნიკიტა ვიტიუგოვს (2732) ეთამაშება, ჯობავა კი შავებით უკრაინელ რუსლან პონომარიოვს (2675) გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ მენის ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება, მისი გამარჯვებული კი 70 ათასს და პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები