Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო
  • ბექა ბურჯანაძის ლიდერობით, გრან კანარიამ მე-2 გამარჯვება იზეიმა 

ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მორაბანკ ანდორას 80:67 სძლია, ბექამ კი გუნდს 20 ქულა შესძინა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ანდორელთათვის ნამდვილ რისხვად იქცა. ქართველმა ლეგიონერმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 21:57 წუთი ითამაშა და 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ბექას აქტივში 6 მოხსნაც იყო, პასივში კი – 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი. ამასთან, მის წინააღმდეგ თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

შედეგად, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ამერიკელ მეტ კოსტელოს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

ცნობისთვის, კოსტელოს 2017-18 წლების სეზონი სან ანტონიო სპერსში აქვს გატარებული, გრან კანარიაში კი წლევანდელი სეზონის წინ ჩაირიცხა.

ბურჯანაძის გუნდს ორ-ორი მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 20 ოქტომბერს, სტუმრად, ბარსელონასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები