Thumbnail
  • იაპონიის სარაგბო ნაკრების მომდევნო მეტოქე სამხრეთ აფრიკა იქნება
  • მსოფლიო თასის პლეი ოფი სტარტს 19 ოქტომბერს აიღებს

2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი იაპონიის და შოტლანდიის მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 28:21 მოიგეს და მეოთხედფინალის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.

📺 იაპონია - შოტლანდია 28:21

ჯემი ჯოზეფის შეგირდებმა შეხვედრაში, რომელსაც ქარიშხლის გამო გადადება ემუქრებოდა, დიდებულად ითამაშეს და დაამტკიცეს, რომ ირლანდიასთან გამარჯვება შემთხვევითობა არ ყოფილა. იაპონელებმა ჯგუფში ოთხივე მეტოქეს აჯობეს და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდნენ, ამდენად, ისინი პირველი დონის სარაგბო ქვეყნად უკვე თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

გასულ შეხვედრაში მასპინძლებმა განსაკუთრებით მძლავრად პირველ ტაიმში ითამაშეს, როდესაც სქოთები კოტარო მაცუშიმამ, კეიტა ინაგაკიმ და კენკი ფუკუოკამ დაალელოვეს, ამ უკანასკნელმა კი, მე-2 ნახევრის სტარტზე ბურთის დამიწება კიდევ ერთხელ მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა.

კენკი ფუკუოკამ შოტლანდიელები 2-ჯერ დაალელოვა

შოტლანდიელთა მხრიდან თავი ფინ რასელმა, ვილემ ნელმა და სანდერ ფეიგერსონმა გამოიჩინეს.
მეტოქეები ფაქტობრივად მუდმივად შეტევაზე ფიქრობდნენ, ამდენად, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ ჩინებული სანახაობა იხილა.

თამაშის პრინციპულ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდებმა ჯამში 320 ბოჭვა გააკეთეს. 
ამგვარად, მსოფლიო თასზე მეოთხედფინალური წყვილები სრულად დაკომპლექტდა. 

19 ოქტომბერი
ინგლისი – ავსტრალია 
ახალი ზელანდია – ირლანდია

20 ოქტომბერი
უელსი – საფრანგეთი 
იაპონია – სამხრეთ აფრიკა

კომენტარები

ბოლო ამბები