Thumbnail

ესტადიო კრიშტიანო რონალდო ლისაბონში? მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლისაბონის სპორტინგმა დაადასტურა, რომ სტადიონს შეიძლება სახელი შეუცვალოს
  • ესტადიო ჟოზე ალვალადე, შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს სახელობის გახდეს

კრიშტიანო რონალდოს ძეგლზე ბევრმა იცინა, ახლა კი, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, შეიძლება, გაცილებით დიდი მასშტაბის დაფასება მიიღოს! გამოცემა O Jogo ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ CR7-ის ბავშვობის გუნდი ლისაბონის სპორტინგი სერიოზულად ფიქრობს, ესტადიო ჟოზე ალვალადეს სახელი გადაარქვას და არენა სწორედ რონალდოს სახელობის გახდეს. ახალი ინფორმაციით, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იდეა - რონალდოს გარემოცვასთან მოლაპარაკებები დაწყებულია!

სპორტინგის პრეზიდენტმა ფედერიკო ვარანდაშმა იტალიურ გაზეთ ‘ტუტოსპორტს’ დაუდასტურა, რომ პორტუგალიურ კლუბს ამ იდეის განხორციელება სურს.

“კრიშტიანო ჩვენი გუნდის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა და ყოველთვის ასე იქნება, - აცხადებს სპორტინგის პრეზიდენტი, - ვამაყობთ იმით, რომ რონალდოს ისტორია ჩვენთან დაიწყო და იმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სახელი ლისაბონის სპორტინგთანაა დაკავშირებული.”

CR7-მა კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო

CR7-მა კარიერა სწორედ სპორტინგში დაიწყო, საიდანაც 2003 წელს მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. მერე იყო მადრიდის რეალი (2009-2018), სადაც რონალდო უდიდეს სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ახლა კი, 34 წლის კრიშტიანო ტურინის იუვენტუსში თამაშობს. სამშობლოში ყოველი ჩასვლისას რონალდო ყოველთვის ესწრება სპორტინგის მატჩებს და არ გამორიცხავს, რომ კარიერა სწორედ იქ დაამთავროს. თუ სპორტინგის სტადიონს მართლაც ‘ესტადიო კრიშტიანო რონალდოს’ დაარქმევენ, ეს CR7-ისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ იუვენტუსის შემდეგ სწორედ სპორტინგში დაბრუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები