Thumbnail
  • ჯორჯიანსმა გადამწყვეტი მატჩი იტალიელებთან წააგო
  • თბილისურმა გუნდმა უკან გერმანელები და შვედები მოიტოვა

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა თელასმა, რომელიც ევროტურნირებზე თბილისის ჯორჯიანსის სახელით ირჯება, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში 3-დან 2 მატჩი მოიგო, თუმცა, შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ გააღწია.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათაინის შეგირდებმა შეჯიბრის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ ნიჰალატ მაკაბის და ბულგარულ ვარნას აჯობეს, ამჯერად კი, მეტოქეებად იტალიური პეზარო, გერმანული ველიმდორფი და შვედური უდევალა ჰყავდათ.

თბილისურმა ჯორჯიანსმა შვედეთში 3-დან 2 მატჩი მოიგო

მატჩებს სკანდინავიურმა ქვეყანამ უმასპინძლა და საქართველოს ჩემპიონმა საწყის შეხვედრაში სწორედ მასპინძლებს 4:2 სძლია. დუბლი თოფურიამ შეასრულა, თითოჯერ კი თავი ლუკავამ და კურტანიძემ გამოიჩინეს.

📺 ჯორჯიანსი - უდევალა 4:2

გადამწყვეტი მე-2 ტური გამოდგა, რომელშიც თბილისელები იტალიელებს გაეჯიბრნენ და წარმატების შანსი არ ჰქონიათ – 1:5. პრესტიჟის ბურთი კურტანიძემ შეაგდო.

📺 ჯორჯიანსი - პეზარო 1:5

ჯვაროსნებმა დასკვნით შეხვედრაში ველიმდორფს დამაჯერებლად – 6:2 მოუგეს. 2-ჯერ თავი თოდუამ გამოიჩინა, თითო გოლი კი ცხომარიამ, გიორგაიამ, ჭუმბურიძემ და თოფურიამ გაიტანეს.

ამგვარად, ქართულმა გუნდმა 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, ელიტ რაუნდის საგზური კი პეზარომ მოიპოვა, რომელმაც ტურნირი მაქსიმალური შედეგით დაასრულა.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი ავთანდილ ასათიანმა გააკეთა: “რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. იტალიის გუნდთან ასპარეზობა ძალიან რთული იქნებოდა, რაც შედეგზე აისახა კიდეც. ვფიქრობ, მეინ რაუნდში ექვსი ქულა ჩვენთვის ძალიან კარგია.

მოთამაშეების ძალისხმევით კმაყოფილი ვარ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერთან ერთად, გერმანიის ჩემპიონის სახით ძალიან კარგ მოწინააღმდეგეს მოვუგეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მათ გუნდში შვიდი, საკმაოდ ძლიერი ხორვატი ფეხბურთელი თამაშობდა. ასეთ კარგ მეტოქესთან გამარჯვება კი, წარმატებაა“.

კომენტარები

ბოლო ამბები