Thumbnail
  • 99% გადაწყვეტილია: არგენტინასთან და ინგლისთან ბუფონი ითამაშებს.
  • იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯიჯი “სკუადრა აძურაში” 2020 წლამდე იასპარეზებს!
  • 40 წლის ლეგენდის მიზანი ევრო 2020-ზე თამაშია.

იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში მთელი მსოფლიო მოიცვა: 99 პროენტით გადაწყვეტილია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში დაბრუნდება! ამის შესახებ თითქმის ყველა იტალიური სპორტული გაზეთი თუ ვებ-გვერდი წერს - მათ შორის, “კორიერე დელო სპორტი”, “გაძეტა დელო სპორტი” და “სქაი სპორტი”.

ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბუფონი უკვე რეკორდსმენია (175 შეხვედრა)

ინფორმაცია ჯიჯის “სკუადრა აძურაში” დაბრუნების შესახებ პირველად “სქაის” ჟურნალისტმა ალესანდრო ალჩატომ გაავრცელა, რომელიც სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბუფონმა შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და ნაკრებში ითამაშებს!

40 წლის ჯიჯი უახლოეს ორივე ამხანაგურ მატჩში (ინგლისთან და არგენტინასთან) იტალიის ნაკრების კარს დაიცავს და ზოგადად, დიდ ფეხბურთში (ნაკრებშიც და იუვენტუსშიც) დარჩენას 2020 წლის ზაფხულამდე გეგმავს - ბუფონის მიზანი ევრო 2020-ზე ასპარეზობაა!

შვედეთთან მატჩის შემდეგ...

ბუფონმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შვედეთთან განცდილი კრახის შემდეგ მიიღო, თუმცა მას მერე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ “აძურიში” დაბრუნებას არ გამორიცხავდა.

ბუფონს იუვენტუსთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. “თუ იუვეში მეტყვიან, რომ უნდა დავრჩე, დავრჩები, მაგრამ ეგოისტი არ ვარ! ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც კლუბისთვის საუკეთესო იქნება. მე არ მინდა, რომ პრობლემა გავხდე!” - ამბობდა ჯიჯი “ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში, იანვარში.

ბუფონის ნაკრებში დაბრუნება და 2020 წლამდე თამაში ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი იტალიელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ეს ამბავი ძალიან მალე დადასტურდება.

კანავაროს რეკორდი ჯერ კიდევ დასამხობია...

მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლით ბუფონმა უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი დაკარგა (მე-6 მუნდიალზე ითამაშებდა), მაგრამ ჯიჯის კიდევ არაერთი რეკორდი აქვს დასამყარებელი. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბუფონი უკვე რეკორდსმენია (175 შეხვედრა). სამაგიეროდ, დასამხობი აქვს ფაბიო კანავაროს რეკორდი, რომელმაც სკუადრა აძურას 79 შეხვედრაში უკაპიტნა. ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად ჯიჯის მხოლოდ ერთი შეხვედრა სჭირდება.

"ტალანტები აღარ არიან, ტალანტები!" - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

 

კომენტარები

ბოლო ამბები