Thumbnail
  • რეალის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი მატჩი.
  • ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელი ტურნირია, რომლის მოგებაც მადრიდელებს ამ სეზონში შეუძლიათ.
  • მაგრამ ზიდანის გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ხვდება.
  • თუმცა რეალის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის მიზეზები აქვთ.

ესპანეთის თასს რეალი მეოთხედფინალში, ლეგანესთან გამოეთიშა, ლა ლიგაში კი მადრიდელები მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერ ბარსელონას 17 ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგებაც მადრიდელებს მიმდინარე სეზონში რეალურად შეუძლიათ.

ზინედინ ზიდანი

კრიშტიანო რონალდოს და კომპანიას ევროპის უმნიშვნელოვანესი საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ აქვთ მოგებული. მიუხედავად იმისა, რომ რეალი აშკარად ცუდ სეზონს ატარებს, მადრიდში მაინც თამამად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მესამედ უმიზნებენ.

არადა, რეალს პსჟ-ს სახით უკვე მერვედფინალში ჰყავს ურთულესი მეტოქე. კლუბების სახელებით თუ ვიმსჯელებთ, ეს, შეიძლებოდა, ფინალიც ყოფილიყო. რეალი აუტსაიდერი არასდროს არის - მით უმეტეს მაშინ, როცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშობს. მაგრამ რეალი პსჟ-სთან არც ფავორიტია.

“ყველაფერზე პასუხს მე ვაგებ, - შეგირდებს მაქსიმალურად იცავს მადრიდელთა დამრიგებელი ზინედინ ზიდანი, - პსჟ შედარებით ახალი გუნდია, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება და არ მიკვირს, რომ პარიზელები შესანიშნავ სეზონს ატარებენ.”

ნეიმარი, კავანი, მბაპე = გოლები, გოლები, გოლები

ფრანგებმა სეზონის წინ ნეიმარი და კილიან მბაპე გადაიბირეს. მათთან ერთად, წინა ხაზზე პარიზელთა ბომბარდირი ედინსონ კავანიც თამაშობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პსჟ-ს ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს - თუ საუკეთესო არა. 

საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-მ 25 მატჩში 76 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი - 6 მატჩში 25 გოლი!

პარიზელთა სუპერ-შეტევა: მბაპე, კავანი და ნეიმარი

“პსჟ ძალიან ძლიერია. ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ეს ორი დიდი გუნდის კლასიკური დუელი იქნება. ერთი რამ ცხადია: ფეხბურთის მოყვარულებს ორი შესანიშნავი მატჩი ელოდებათ, პსჟ-ს და ჩვენს ქომაგებს კი - დიდი ნერვიულობა,” - აცხადებს რეალის ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი.

ბერნაბეუზე რეალი უძლეველია!

მადრიდელთა უპირველესი ამოცანა და ზიდანის მთავარი საზრუნავი სწორედ პსჟ-ს გრანდიოზული წინა ხაზის შეჩერებაა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადრიდელებს მბაპე-კავანი-ნეიმარის ტრიოსი უნდა ეშინოდეთ - მით უმეტეს “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც რეალს ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (14 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი) და ამ 17 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა.

რეალმა ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ მოედანზე ბოლოს 2015 წლის 10 მარტს წააგო - მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, შალკესთან (3:4).

“ბერნაბეუზე, ტრადიციულად, ძალიან მაგარი გარემო იქნება, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ჩვენით იამაყონ,” - დასძენს ვარანი.

რონალდო ფორმაშია!

კრიშტიანო რონალდო

თუმცა, რეალის სითამამის მიზეზი მხოლოდ საკუთარი პუბლიკა როდია. მადრიდული გრანდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ კრიშტიანო რონალდო ფორმაშია. თუკი სეზონის დასაწყისში პორტუგალიელი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა და გოლები ვერ გაჰქონდა, ბოლო ტურებში კრიტიკოსები დაადუმა - მან ბოლო 4 ტურში 7 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაში კი ისედაც არ ჰქონდა საქმე ცუდად - რონალდომ ჯგუფური ეტაპის 6 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა და მერვედფინალის წინ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

აქვე დავამატოთ, რომ კრიშტიანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში მინიმუმ ერთი ბურთის გატანა შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა რეიტინგში რონალდოს 114 გოლი აქვს და პირველ ადგილზეა (მესის - 97).

ერთი რამ ცხადია: ეს უაღრესად საინტერესო დუელი იქნება - ბევრი ვარსკვლავით და ძალიან ხარისხიანი ფეხბურთით. ეს ისეთი დაპირისპირებაა, რომელსაც ფავორიტსა და აუტსაიდერზე დისკუსია არ ეკადრება. ჰო, რეალს ცუდი სეზონი აქვს, მაგრამ გაიხსენეთ: გასულ წლებში, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში, მადრიდული გრანდი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა...

კომენტარები

ბოლო ამბები