Thumbnail
  • ორმა ქართველმა ვეტერანმა ბორჯღალოსანთა მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა
  • გორგოძე თამაშს საკლუბო დონეზე განაგრძობს, ნემსაძემ კი კარიერა დაასრულა

ავსტრალიასთან მატჩი ბოლო იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 2 წევრისთვის. 35 წლის მამუკა გორგოძე თამაშს მხოლოდ საკლუბო დონეზე განაგრძობს, მისმა თანატოლმა გიორგი ნემსაძემ კი საერთოდაც კარიერა დაასრულა.

საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი ვეტერანები ემოციური პოსტით გააცილა:

🏉 'დიდი მადლობა მამუკა გორგოძეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. დიდი მადლობა მამუკა ყველაფრისთვის რაც შენ მინდორსა და მინდორს გარეთ გაგიკეთებია ქართული რაგბისთვის. დიდი მადლობა გიორგი ნემსაძეს, რომელმაც ასევე დაასრულა კარიერა. დიდი მადლობა ნემსო ყოველი წუთისთვის, ყოველი მატჩისთვის' - ვკითხულობთ რაგბის კავშირის პოსტში.

სანდრო თოდუას ლელო და ბორჯღალოსნების მადლობა გულშემატკივრობისთვის 🏉 დიდი მადლობა ნაკრებს და ყველა ბორჯღალოსანს ვინც ამ...

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა ჯერ კიდევ 2017 წელს დაასრულა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებში" დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის მიზეზი გიორგი ცუცქირიძის ტრავმა გახდა, იაპონური მსოფლიო თასი კი მამუკას კარიერაში მეოთხე გამოდგა. ქართველმა ლეგენდამ ავსტრალიასთან მსოფლიო თასზე მე-15 მატჩი ჩაატარა და მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდა, სულ კი, ბორჯღალოსანთა კვართით 75 მატჩი გამართა და 27 ლელოს დადება მოახერხა.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრებში 95 შეხვედრა ჩაატარა და სამ მსოფლიო თასზე ითამაშა ნემსაძემ, რომლის მონაგარიც 14 ლელოა. გიორგის შეთავაზება არაერთი კლუბიდან ჰქონდა, თუმცა ასაკმა და ტრავმებმა ხსენებული გადაწყვეტილება მიაღებინა. იაპონიიდან დაბრუნებული ქართველი ვეტერანი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და რაგბში სხვა კუთხით დასაქმდება.

“ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და სარაგბო კარიერასაც ვასრულებ. წლების განმავლობაში, წარმატებები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე წარუმატებლობა და გული მწყდება, კარიერის დასრულება ამ ნოტაზე რომ მიწევს.

ერთი კვირის წინ 35 წლის გავხდი, ბევრი ტრავმა მაქვს გადატანილი და ტკივილები მაწუხებს. ალბათ, ერთი წელი კიდევ შევძლებდი მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ და გზას ახალგაზრდებს დავუთმობ.

შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. ასევე ვარ აიას განაცხადში და მსურდა, კარიერის დასასრულს რამდენიმე შეხვედრა მშობლიურ კლუბში გამეტარებინა, თუმცა ამას ვეღარ მოვახერხებ. აიას სხვა კუთხით დავეხმარები და ვეცდები კლუბში იმ კუთხით ვიმუშავო, რა კუთხითაც ნაკრებში პრობლემები გვაქვს“, - განაცხადა ნემსაძემ ჯერ კიდევ ავსტრალიასთან მატჩის წინ.

კომენტარები

ბოლო ამბები