Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა
  • ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან 8:27 დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე დასკვნითი მატჩი ავსტრალიასთან გამართა და 8:27 დამარცხდა. ქარიშხლის მომლოდინე შიზუოკაში წვიმა არ შეწყვეტილა, "ბორჯღალოსნებმა" კი მაგარი დაცვა ითამაშეს (ჯამში 201 ბოჭვა, რაც მიმდინარე ტურნირის რეკორდია) და უდავო ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს, რომელსაც ისტორიაში პირველად ეთამაშებოდნენ, ბონუს-ქულა ბოლო წუთზეღა დაანებეს.

📺 ავსტრალია - საქართველო 27:8

ქართველმა მორაგბეებმა საწყისი 23 წუთი თავი გმირულად დაიცვეს, თუმცა, შემდეგ ელემენტარულმა შეცდომამ გვაზარალა. მეთ ტომუამ გიორგი ნემსაძეს და კოტე მიქაუტაძეს შორის სივრცე დაინახა, ხაზი გაჭრა, რასაც ავსტრალიელთა 17-ფაზიანი შეტევა მოჰყვა და მართალია, ამ პერიოდში 2 ჯარიმა ავიღეთ, ნიქ ვაითმა ბურთის ლელოში გადადება მოახერხა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ლელო ფრანგმა რეფერი პასკალ გაიუზერმა დააფიქსირა, თორემ გამეორებაზე ეს ქმედება ძალიან საეჭვო იყო. ტომუამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და "ვოლაბები" 7:0 დაწინაურდნენ.

📺 მეთ ტომუას ლელო

საქართველოს ნაკრებს კარგი შეტევის განხორციელების შანსი იქვე მიეცა, როდესაც ცენტრიდან გადაკიდებული ბურთის შემდეგ, მეტოქე დაჯარიმდა. "ბორჯღალოსნებმა" დერეფნიდან მოლის დაყენება ვერ შესძლეს და შანსი დაიკარგა, თუმცა, ავსტრალიელები იქვე კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და სოსო მათიაშვილმა ახლო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა - 3:7.

📺 სოსო მათიაშვილის ჯარიმა

მილტონ ჰეიგის შეგირდებს თამაში ძველებურად თავის ნახევარზე უწევდათ, რასაც უდიდესი ენერგია მიჰქონდა. ცუდი ის იყო, რომ მეტოქეს ვერც ჩვენთვის კომფორტულ ძალისმიერ თამაშში ვჯაბნიდით. ავსტრალია მოლსა და შერკინებაშიც მაგრად იდგა და შეიძლება ითქვას, ამ კომპონენტებშიც უპირატესობა ჰქონდა.

ქართველებს ამოსუნთქვის საშუალება ისი ნაისარანის უდისციპლინო ქმედებამ მისცა. მეტოქეთა 8 ნომერმა ნემსაძეს მკლავი სახეში მიარტყა, რის გამოც 10 წუთის განმავლობაში სინბინში გადაინაცვლა. ამ ეპიზოდში ნემსაძე, რომელიც მამუკა გორგოძის დარად, ნაკრებში ბოლო მატჩს ატარებდა, დაშავდა და დროებით ადგილი ოთარ გიორგაძეს დაუთმო.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნებს" სახიფათო იერიშის წამოწყების შანსი რამდენჯერმე მიეცათ, თუმცა, მეტოქის ნახევარზე დერეფანი წააგეს, ბურთით მყოფები კი ძალიან უფანტაზიოდ ირჯებოდნენ და "ვოლაბებს" ჩვენებურთა შებოჭვა არ უჭირდათ. სამაგიეროდ, ტომუამ ჯარიმის აუტში გადატანაზე უკვე უარი თქვა, 45 მეტრიდან გაიტანა და გუნდი შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა - 10:3.

მე-2 ტაიმის სტარტზე ქართველებს კარგი იერიშის შანსი მიეცათ, როდესაც რაქიდან გამოვარდნილი ბურთი დავით კაჭარავამ აიტაცა, ორ მეტოქეს გასცდა და კარგადაც იარა, თუმცა, იერიში ფლანგზე დროულად ვერ გაიშალა, საბოლოოდ კი, ბექა გორგაძეს ოვალი ხელიდან გაუვარდა...

მატჩის 50-ე წუთზე მილტონ ჰეიგმა პირველი ხაზი სრულად შეცვალა და მიხეილ ნარიაშვილის, შალვა მამუკაშვილის და ბექა გიგაშვილის ნაცვლად მინდორზე ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამან შერკინებაში რაიმე უპირატესობა მოგვცა. ამავე მომენტში სანდრო თოდუა და გელა აფრასიძე ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რაც ამ უკანასკნელის მძიმე ტრავმით დასრულდა. გელამ რამდენიმე წამით გონება დაკარგა და ის თამაშიდან ელექტრომობილით გაიყვანეს, მატჩში კი ვასილ ლობჟანიძე ჩაერთო.

ქართველ მორაგბეებს შეტევაში კვლავაც ძალიან უჭირდათ, დერეფნებსაც თითქმის რეგულარულად აგებდნენ (11-დან მხოლოდ 6 აუტი მოვიგეთ, რაც კატასტროფული მაჩვენებელია) და ფაქტობრივად, ვერაფერს ქმნიდნენ, ამდენად, აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქულა მიგვეღო. ამ მხრივ, წარმატებები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ მე-60 წუთზე "ვოლაბების" ინდივიდულურმა ქმედებებმა შედეგი მაინც მოიტანა. მარიკა კოროი'მბეტემ ბურთი თითქმის უიმედო სიტუაციაში აიტაცა, თუმცა, ფინტებით დაცვის ხაზი იოლად გაჭრა და მისი შეჩერება ვერც ფულბექის პოზიციაზე დარჩენილმა სანდრო თოდუამ მოახერხა. ტომუას გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე 17:3 დაფიქსირდა.

📺 მარიკა კოროი'მბეტეს ლელო

"ბორჯღალოსანთა" შეტევაში საუკეთესო ეპიზოდი 70-ე წუთზე შექმნეს და ეს, ავსტრალიელებთან პირველ მატჩში ისტორიული ლელოთი დასრულდა. აღნიშნული ლომის წვლილი ლაშა ხმალაძემ შეიტანა, მან ხაზის გაჭრა მოახერხა და მარცხენა ფლანგზე თოდუა გაუშვა, რომლის დაწევაც ვეღარავინ მოახერხა. სამწუხაროდ, მათიაშვილს არცთუ რთული გარდასახვა გაუცუდდა და ქართველებმა სანუგეშო ქულის მომტან შვიდქულიან სხვაობაში შესვლა ვერ მოახერხეს - 17:8.

📺 სანდრო თოდუას ლელო

თამაშის დასრულებამდე არცთუ დიდი დრო გახლდათ დარჩენილი, თუმცა, ავსტრალიელებმა ძალიან მოინდომეს და კიდევ 2 ლელოს დადების ხარჯზე ბონუს-ქულის აღება შესძლეს. თავდაპირველად, მიზანს ჯექ დემპსიმ უწია, როდესაც მძალვრად აგორებული მოლის შემდეგ, ბურთის დამიწება მოახერხა.

 📺 ჯექ დემპსის ლელო

მატჩის 78-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ვილ გენიამ დააფიქსირა, რომელიც იერიშს კარგად მიჰყვა, ხაზის გაჭრის შემდეგ ტანიელა ტუპოუს მიერ ამოგდებული ბურთი მოიხელთა და მისი დამწევი აღარავინ იყო - 27:8. 19-ქულიანი მარცხი ქართველთა აქტივს უნდა მივათვალოთ, რადგანაც, დღევანდლამდე, "ვოლაბებს" მე-2 ეშელონის ნაკრებებთან 18-ვე მატჩი საშუალოდ 46-ქულიანი სხვაობით ჰქონდათ მოგებული.

📺 ვილ გენიას ლელო

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასი 1 მოგებით (ურუგვაისთან) და 3 მარცხით (უელსი, ფიჯი, ავსტრალია) დაასრულა და სავარაუდოა, რომ D ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებს (თუკი ურუგვაიმ უელსი არ დაამარცხა, რაც წარმოუდგენლად მოსჩანს). შედეგად, "ბორჯღალოსნებმა" მომდევნო ტურნირის ავტომატური საგზური ვერ მოიპოვეს და 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებით ეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები