Thumbnail

სენსაცია შანხაიში - ციციპასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ლონდონში ითამაშებს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • US Open-ის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩის ერთი სეტიც კი არ ჰქონდა წაგებული
  • მსოფლიოს პირველი ჩოგანი შანხაიში ციციპასთან დამარცხდა

შანხაის მასტერსის მოქმედი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს, ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში დაემშვიდობა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი დღეს სტეფანოს ციციპასთან 2 საათსა და 2 წუთში, 6:3, 5:7, 3:6 დამარცხდა. ამრიგად, 21 წლის ბერძენი, რომელსაც სერბთან უკვე პოზიტიური ბალანსი (2:1) აქვს, კარიერაში მესამე მასტერსის ფინალში გასასვლელად რუს დანილ მედვედევთან იბრძოლებს, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის ფინალში იყო.

ამასთან ერთად, ციციპასი მეექვსე ჩოგბურთელია, რომელიც ATP-ს ფინალურ ტურნირზე ითამაშებს. აღნიშნული ტურნირი ლონდონში, 10-დან 17 ნოემბრამდე გაიმართება. მანამდე, სუპერვარსკვლავების (ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი) გარდა, ლონდონის საგზურები მედვედევმა და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა მოიპოვეს.

ამ მარცხის გამო, ჯოკოვიჩისთვის ბრწყინვალე სერია დასრულდა. სექტემბერში, აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ტრავმით გამოწვეული დანებების შემდეგ, დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებულს 7 მატჩში ერთი სეტიც კი არ ჰქონდა წაგებული, ტოკიოში კი 76-ე ტურნირი მოიგო.

📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 5:7, 3:6 სტეფანოს ციციპასი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები