Thumbnail

კიდევ უფრო ძლიერი დავბრუნდები! როდიდან ითამაშებს თორნიკე ოქრიაშვილი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • თორნიკემ გამოჯანმრთელების პროცესსა და დაბრუნების სავარაუდო ვადებზე ისაუბრა.
  • ოქრიაშვილის აზრით, ერთა ლიგა საქართველოს ნაკრების შანსია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრასნოდარის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც 12 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, გამოჯანმრთელების პროცესზე, დაბრუნების სავარაუდო ვადებსა და უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების შანსზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებისა და კრასნოდარის ფეხბურთელს სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

26 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა ორჯერ მიიღო. მეორედ ის შარშან სექტემბრის ბოლოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში, არსენალთან დაშავდა - თორნიკემ მარხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რისთვისაც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. 

თორნიკე კრასნოდარის შეკრებაზე მარბელიაში

“პირველი ტრავმის შემდეგ დაბრუნება ისე მიხაროდა, როგორც პატარა ბიჭუნას. დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო გატანა პირველსავე მატჩში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. 

ლოკომოტივთან დაშავების დროს განსაკუთრებული ტკივილი არ მქონია და ვერც მივხვდი, რომ ჯვარედინი მყესები მქონდა გაწყვეტილი, აი, არსენალთან კი უკვე ვიგრძენი, რომ ტრავმა სერიოზული იყო. 

კრასნოდარმა თორნიკეს დაბადების დღე ამ ვიდეოთი მიულოცა

მეორედ გამოჯანმრთელების პროცესის გავლა იოლი არაა, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, როგორი ვარჯიშებია საჭირო, რა და როგორ უნდა გავაკეთო. მთელი ამ ხნის განმავლობაში გულშემატკივრის როლში ყოფნა და ფეხბურთის ტრიბუნებიდან ყურება ძალიან ძნელია. გინდა, ითამაშო და დაეხმარო გუნდს.

სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ ძირითად გუნდში დავბრუნდები, თვენახევრის შემდეგ კი თამაშსაც შევძლებ.

ასეთი ტრადიცია გვაქვს გუნდში - ტრავმის გამო უთამაშებელს თავიდან თეთრი შორტებით მომიწევს ვარჯიში. 

თავდაჯერება არ დამიკარგავს და ვფიქრობ, არც დაბრუნება გამიჭირდება. ბურთი არ დამვიწყებია და იმედი მაქვს, ფეხბურთის სიყვარულითა და თამაშის წყურვილით, ყველაფერს იოლად შევძლებ და კიდევ უფრო ძლიერი დავბრუნდები.  

თორნიკეს ფეხბურთის ტრიბუნიდან ყურება მოსწყინდა 

საქართველოში არ მივიწყებენ. საკმაოდ ხშირად მწერენ, ხშირად მეხმიანებიან საიტებიდან, გაზეთებიდან და მეკითხებიან, როგორ ვარ, როგორ მიმდის საქმეები… კავშირზე არ გავდივარ და არც ინტერვიუებს ვიძლევი, რადგან აზრის არ აქვს ამის გაკეთებას - ლამის ერთი წელია არ მითამაშია. უბრალოდ მინდა, დავრუნდე და დავამტკიცო…

ვფიქრობ, ერთა თასი შანსია ისეთი გუნდებისთვის, როგორიც საქართველო, ბელარუსი, ყაზახეთი და სხვებია.

აქამდე მეტოქეებად ყოველთვის ძლიერი გუნდები გვხვდებოდნენ, ამჯერად კი ჯგუფში ყაზახეთი, ანდორა და ლატვია გვყავს. ვფიქრობ, ასეთი ჯგუფიდან გასვლის უფრო დიდი შანსი გვაქვს, ვიდრე საფრანგეთსა თუ ესპანეთთან ერთად რომ მოხვედრილიყავით. ასე რომ, კარგი ტურნირია”, - უთხრა თორნიკემ კრასნოდარის საკლუბო ტელევიზიას. 

კომენტარები

ბოლო ამბები