Thumbnail

40-ქულიანი შოუ - სტეფ კარი უკვე გრანდიოზულ ფორმაშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გოლდენ სტეიტმა მინესოტა 143:123 დაამარცხა
  • სტეფ კარიმ 25 წუთში 40 ქულა ჩააგდო

NBA-ს პრესეზონის მატჩები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, სტეფ კარი კი უკვე ბრწყინვალე ფორმაშია. გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავმა მინესოტასთან 143:123 მოგებულ მატჩში შესანიშნავად ითამაშა. სულ რაღაც 25 წუთში მან 40 ქულა დააგროვა - პლუს 6 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება. კარის 19 მცდელობიდან 14 წარმატებული იყო და თუ მხოლოდ 3-ქულიანებს დავითვლით, 9-დან 6 ჩააგდო.

სტეფ კარი პირველი კალათბურთელია 2017 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, რომელმაც NBA-ს პრესეზონის მატჩში 40 ქულა დააგროვა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს 2017-შიც სტეფმა შეძლო და, სხვათა შორის, მაშინაც მინესოტასთან!

ტიმბერვულვზიდან საუკეთესოები სათადარიგო მოთამაშეები, ჯეიკ ლეიმანი და ჯარეტ კალვერი იყვნენ 17-17 ქულით. მინესოტას სუპერვარსკვლავმა კარლ-ენტონი თაუნსმა მხოლოდ 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

დღის სხვა მატჩებში, პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა ისრაელის ჰაიფას მაქაბის კარგი გაკვეთილი ჩაუტარა (104:68), ხოლო ფინიქს სანსი კი საკრამენტოსთან 88:105 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები