Thumbnail
  • 📅 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია | 📺 I არხი
  • საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გამართავს

12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გამართავს და თბილისში, 'დინამო არენაზე' ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. 15 ოქტომბერს კი, ვლადიმირ ვაისის გუნდი გიბრალტარს ესტუმრება, თუმცა ჯერ ყურადღების ცენტრში თბილიური მატჩია.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ირლანდიის გარდა შვეიცარიას, დანიას და გიბრალტარს უწევს კონკურენციას. ვლადიმირ ვაისის გუნდის აქტივში ერთი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგებაა - მათ შორის ერთი დუბლინში, ირლანდიასთან. მაშინ, საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა, ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი საჯარიმო დარტყმით კონორ ჰურიჰეინმა გაიტანა. ირლანდიელები 5 თამაშში მოპოვებული 11 ქულით ჯგუფს სათავეში უდგანან, თუმცა დანიის და შვეიცარიის სახით ძლიერი კონკურენტები ჰყავთ და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ამიტომ, თბილისში ისინი სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ცუდი სტატისტიკა

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს. 12 ოქტომბერს, ამ გუნდებს შორის მეთერთმეტე შეხვედრა შედგება. აქამდე ჩატარებული 10 თამაშიდან 9 ირლანდიელებმა მოიგეს, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მოგებათა გრაფაში ნულია. ერთადერთი ქულა საქართველოს ნაკრებმა 2017 წლის 2 სექტემბერს აიღო, როდესაც თბილისში 1:1 დაასრულა შეხვედრა. შეინ დაფის გოლს ვაკო ყაზაიშვილმა უპასუხა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა.

📋 მეტი ამ თემაზე: 

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება
📸 | GFF.GE

საქართველო V ირლანდია 

📌 2003 წ. მარტი. ევრო 2004: საქართველო 1:2 ირლანდია
(კობიაშვილი 61 - დ. დაფი 18, დოჰერტი 84)

📌 2003 წ. ივნისი. ევრო 2004: ირლანდია 2:0 საქართველო
(დოჰერტი 43, რ. კინი 59)

📌 2008 წ. სექტემბერი. მუნდიალი 2010: საქართველო 1:2 ირლანდია
(ყენია 90 - დოილი 13, უილანი 70)

📌 2009 წ. თებერვალი. მუნდიალი 2010: ირლანდია 2:1 საქართველო
(რ. კინი 73-პენ, 78 - იაშვილი 1)

📌 2013 წ. ივნისი. ამხანაგრი: ირლანდია 4:0 საქართველო
(კიო 42, კოქსი 48, რ. კინი 77, 87)

📌 2014 წ. სექტემბერი. ევრო 2016: საქართველო 1:2 ირლანდია
(ოქრიაშვილი 38 - მაკგიდი 24, 90)

📌 2015 წ. სექტემბერი. ევრო 2016: ირლანდია 1:0 საქართველო
(უოლტერსი 68)

📌 2016 წ. ოქტომბერი. მუნდიალი 2018. ირლანდია 1:0 საქართველო
(კოულმენი 56)

📌 2017 წ. სექტემბერი. მუნდიალი 2018: საქართველო 1:1 ირლანდია
(ყაზაიშვილი 34 - შ. დაფი 4)

📌 2019 წ. მარტი. ევრო 2020. ირლანდია 1:0 საქართველო
(კონორ ჰურიჰეინი 35)

📺 1:0 ჰურიჰეინი (36')

დანაკლისი

ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება ნიკა კვეკვესკირი. განაცხადში იყო ლაშა დვალი, თუმცა ისიც დაშავდა და ვერ ითამაშებს უახლოეს შეხვედრებში. გიორგი ჩაკვეტაძე რომ ტრავმირებულია და ვერ ეხმარება ნაკრებს, ძველი ამბავია. ვაისმა განაცხადს მიღმა დატოვა ლუკა ზარანდია, გიორგი პაპუნაშვილი და დინამო თბილისში გადასული ლევან მჭედლიძე. 

ვაისის განაცხადში ეროვნული ლიგიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელია: ლაზარე კუპატაძე საბურთალოდან და გიორგი ნავალოვსკი დინამო ბათუმიდან. ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების რამდენიმე ლიდერი უთამაშებელია, მათ შორის გენკის ფორვარდი გიორგი ქვილითაია. აქვე აღვნიშნოთ, რომ ვაისის გუნდი სრულად მხოლოდ 10 ოქტომბერს შეიკრიბა: ყველაზე გვიან გუნდს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ.

წაიკითხე ინტერვიუ | ნავალოვსკი: ირლანდიასთან ძალიან ცუდი სტატისიკა გვაქვს და ეს უნდა შევცვალოთ

თუ დანაკლისზე მიდგა საქმე, ამ მხრივ, ირლანდიელებს გაცილებით მძიმედ აქვთ საქმე. ბოლო დღეებში, საქართველოს ნაკრების მეტოქეს კიდევ სამი მოთამაშე გამოაკლდა: რონან კერტისი (პორტსმუთი), გრეგ კანინგემი (ბლექბერნი) და დარა ლენიჰანი (ბლექბერნი). ირლანდიელებს დაშავებული ჰყავთ რიჩარდ კეო, დევიდ მაკდოლდრიკი და შეინ დაფი. მოკლედ, მიკ მაკარტის გუნდი თბილისში აშკარად შესუსტებული შემადგენლობით ჩამოდის.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა
📸 | GFF.GE

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ტაბიძე - კიტეიშვილი, კანკავა - ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

ირლანდია (4-2-3-1): რენდოლფი - კოულმენი, ლონგი, ეგანი, დოჰერტი - ქალემი, ჰურიჰეინი - რობინსონი, ჰენდრიკი, მაკლინი - ჰოგანი.

საინტერესო ფაქტები

⚽ რობი კინს საქართველოს ნაკრების კარში 5 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ოქტომბრის თვეში ირლანდიას მხოლოდ ერთხელ ვეთამაშეთ - 2016 წელს გასვლაზე: 0:1.

⚽ ამ გუნდებს შორის 9 ოფიციალური მატჩიდან 8-ში ირლანდიამ იმარჯვა. აქედან 7-ში ერთბურთიანი სხვაობით. 

⚽ გარდა ამისა, საქართველო და ირლანდია ერთხელ ამხანაგურ მატჩშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ის თამაშიც ირლანდიამ მოიგო (4:0, 2013 წელს)

⚽ ირლანდიის ნაკრების კარში ქართველებს 5 გოლი აქვთ გატანილი.  

⚽ ირლანდიის ნაკრების კარში გოლი აქვთ გატანილი ლევან კობიაშვილს, ლევან ყენიას, ალექსანდრე იაშვილს, თორნიკე ოქრიაშვილს და ვაკო ყაზაიშვილს.

⚽ ამ გუნდების ბოლო ოთხ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა გოლი ვერ გაიტანა. 

⚽ ბოლო ოთხ დუელში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები