Thumbnail

რატომ გაეცინა გნაბრის წუთიერი დუმილის დროს - მისმა საქციელმა ყველა გააკვირვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერჟ გნაბრის ამ საქციელის გამო ჯერ აკრიტიკებდნენ, მერე კი შეაქეს
  • არგენტინასთან მატჩის შემდეგ, გერმანიაში ყველა ბაიერნის შემტევზე ლაპარაკობს

გერმანიისა და არგენტინის ნაკრები გუნდების ამხანაგური მატჩის შემდეგ, მთელი საფეხბურთო გერმანია სერჟ გნაბრიზე ლაპარაკობს. ბაიერნის 24 წლის შემტევმა ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე ‘ალბისელესტესთან’ ძალიან კარგად იასპარეზა - ეფექტური გოლით და საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა მატჩის შემდეგ გერმანელები გნაბრის შესახებ მხოლოდ ამის გამო არ ლაპარაკობდნენ. მატჩის დაწყებამდე იყო მომენტი, რომლითაც გნაბრიმ მილიონობით მაყურებელი გააკვირვა.

ქალაქ ჰალეში მომხდარი ტერაქტის გამო (მემარჯვენე ექსტრემისტმა პირმა სინაგოგასთან ორი ადამიანი მოკლა და სინაგოგაში შეჭრა სცადა, რამდენიმე ადამიანი დაშავებულია), გერმანიისა და არგენტინის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლის დროსაც გნაბრის აშკარად გაეცინა.

სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ბევრი პოსტი ამ ფაქტის შესახებ. გნაბრი ბევრმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ წუთიერი დუმილის დროს გაეცინა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ბაიერნის ფეხბურთელი ამ ღიმილის გამო კრიტიკას არ იმსახურებდა.

სერჟ გნაბრი არგენტინასთან საუკეთესო იყო

საქმე ისაა, რომ წუთიერი დუმილის დროს, სტადიონზე ერთ-ერთმა ფანმა გერმანიის ჰიმნის ხმამაღლა სიმღერა წამოიწყო, რაც ჰალეში, რასისტულ ნიადაგზე მომხდარი ტრაგედიის სასტიკი უპატივცემულობა გახლდათ. მას საკმაოდ მალე გამოეხმაურა სხვა ფანი, რომელმაც მთელი სტადიონის გასაგონად დაუყვირა: “Halt die Fresse”, რაც ქართულად ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ: “ენა გააჩუმე” ან “მოკეტე”. ამას მაყურებლების ტაში მოჰყვა და სერჟ გნაბრის სწორედ ამ მომენტში გაეცინა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ნიკლას ზიულეს და ლუკა ვალდშმიდტსაც ეცინებოდათ, მაგრამ ღიმილი შეიკავეს.

ამ კადრების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გნაბრის უკვე ყველა აქებს. ცნობილმა გერმანელმა კომიკოსმა ოლივერ პოხერმა მას სულაც მადლობა გადაუხადა...

კომენტარები

ბოლო ამბები