Thumbnail

ბევრი სექსი, მეტი ნარკოტიკი და კლინიკური სიკვდილი - ორგზის ჩემპიონის ამბავი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლამარ ოდომის ავტობიოგრაფია სკანდალურ ისტორიებს შეიცავს
  • დედის სიკვდილი მისთვის ყველაზე მძიმე ტრავმა იყო
  • მუდმივი ნარკოდამოკიდებულების გამო ოდომს დოპინგ-ტესტების გაყალბება უწევდა
  • ქლოი კარდაშიანთან ქორწინება ღალატის გამო დასრულდა

ლამარ ოდომი გულშემატკივრისთვის 2009-2010 წლებში NBA-ს ჩემპიონობასთან ასოცირდება. კობისთან და პაუ გასოლთან ერთად, ოდომი ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.

გულშემატკივარმა შოკი სულ რამდენიმე რამდენიმე წლის წინ მიიღო, როდესაც 2015 წელს ლამარ ოდომი ერთ-ერთ გასართობ სახლში გონებადაკარგული იპოვეს - მისი გული რამდენჯერმე გაჩერდა, თირკმელები აღარ მუშაობდა და ოდომმა გადარჩენა სასწაულით შეძლო. კლინიკური სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების და ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება გახლდათ.

სულ ცოტა ხნის წინ, ოდომმა ავტობიოგრაფია დაწერა - წიგნი, რომელშიც იგი თავისი კარიერის შოკისმომგვრელი დეტალების შესახებ ყვება. ნარკოტიკების ყოველდღიური მომხარება, ღალატი, გაყალბებული დოპინგ-ტექსტი - ამ ყველაფერს ოდომის წიგნში წაიკითხავთ. პოპსპორტი რამდენიმე, ყველაზე საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ.

ბევრი სექსი და არეული პირადი ცხოვრება

ლამარ ოდომი აღიარებს, რომ მას დედამისის გარდაცვალების შემდეგ, მთელი კარიერის მანძილზე დეპრესია და მარტოობის შიში აწუხებდა. სექსი ნარკოტიკებთან ერთად მისთვის დეპრესიიდან თუნდაც სულ ცოტა ხნით თავის დაღწევის საშუალება იყო. მისივე განცხადებით, იგი პარტნიორებს თითქმის ყოველ დღე იცვლიდა - ისე, რომ მათი სახელებიც კი არ ახსოვს, თუმცა ეს მას ბედნიერს არ ხდიდა, უბრალოდ მას მარტო ყოფნის ეშინოდა.

„სექსი 2 000-ზე მეტ ქალთან მქონდა. უმეტესობის სახელიც კი არ მახსოვს, რადგან მე მათთან მხოლოდ ერთ დღეს ვატარებდი. მათი დიდი ნაწილი სტრიპტიზ-კლუბებიდან იყვნენ და მე მათ ფულს ვუხდიდი. დილით, ვარჯიშზე წასვლის წინ, საწოლთან ორი ათას დოლარს ვტოვებდი და მივდიოდი.“

ნარკომანი მამა და დედის სიკვდილი

მამამისი 14 წლის იყო, მარიხუანას მომხმარება რომ დაიწყო და მალევე უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადავიდა. პარალელურად, ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ფული რომ ეშოვა. სკოლიდან გამოგდების გამო მშობლებმა იგი სახლიდან გააგდეს და ქუჩაში, მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. ცხოვრების რადიკალური შეცვლის მიზნით, ოჯახმა ის ჯარში გაუშვა, საიდანაც ვიეტნამში, საიგონში, ამერიკულ ბაზაზე გაგზავნეს. იქ მან უკვე ჰეროინის მომხარება დაიწყო და ამერიკაში სრულიად დანგრეული ფსიქიკით დაბრუნდა.

„როდესაც 7 წლის ვიყავით, დედაჩემს მობეზრდა, მამა რომ ცემდა და თქვა: „საკმარისია“. ჩვენ ბებიის სახლში გადავედით.“

დედამისს კუნძულ რაიკერსის ციხეში, მეთვალყურედ მუშაობა უწევდა. მას კიბო აღმოუჩინეს და ცოტა ხნის შემდეგ, ოდომი დედის გარეშე დარჩა. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმა იყო.

„როცა ჩვენი ოჯახი იკრიბებოდა, ყველა მეკითხებოდა: ლამარ, სად არის დედაშენი? სად არის კეტი? ის ჩვენი ოჯახის გული იყო.“ - წერს ოდომი.

გაყალბებული გამოცდები და დისკვალიფიკაცია

ოდომი კალათბურთში ამერიკის ამომავალ ვარსკვლავად ბავშვობის წლებიდანვე მიიჩნეოდა. სკოლაში თითქმის არ დადიოდა და ელემენტარული დავალების შესრულებაც არ შეეძლო. სკოლიდან გარიცხვის საფრთხე რეალური იყო. ამიტომ, მან გამოცდების ფალსიფიკაცია გადაწყვიტა. სკოლის დასრულების და უნივერსიტეტში მოხვედრის გარეშე, იგი ვერც საკალათბურთო კარიერას განაგრძობდა.

„ბიჭი, რომელიც დავიქირავე და ჩემს მაგივრად გამოცდები ჩააბარა, ვერ დაიჭირეს, თუმცა მან დიდი შეცდომა დაუშვა - ზედმეტად კარგად დაწერა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ლამარ ოდომისთვის ტესტში 1200 ქულა ძალიან ბევრი იყო.“ - წერს ოდომი.

ტესტის შედეგების მიხედვით, ოდომი ნევადის უნივერსიტეტმა მიიღო, თუმცა მალევე მოკვლევა დაიწყო. ოდომს გამოცდების შედეგების გაყალბების გამო სტიპენდია ჩამოართვეს. თუმცა, ის იმდენად დიდი ტალანტი იყო, რომ შემდეგ უკვე როდ-აილენდის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა მისი მიღება.

„მიღებისათვის მომთხოვეს, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ თხზულება დამეწერა და შემდეგ ხმამაღლა წამეკითხა. მაშინვე მივხვდი, ისინი ფიქრობდნენ, რომ მე არც წერა და არც კითხვა არ შემეძლო. ეს ძალიან დამამცირებელი იყო.“

პირველი კოკაინი და კობი ტრეიდს ითხოვს

ოდომი აღიარებს, რომ პირველად კოკაინი მან კარიერის დასაწყისში, 2004 წელს გასინჯა. ნარკოდამოკიდებულება მას მალევე განუვითარდა და შედეგად, 2005 წლის სეზონში ლეიკერსში იგი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. კობის შემდეგ, იგი გუნდის მეორე ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. გაბრაზებულმა კობიმ მოითხოვა, რომ ოდომი გუნდიდან გაეშვათ.

„კოკაინი პირველად 2004 წელს, მაიამიში დასვენების დროს გავსინჯე. მეგობრებთან ერთად Shore Club-ში ვისვენებდი, სადაც, ჩვეულებრივ, მდიდარი და სახელგანთქმული ხალხი იკრიბება ხოლმე. ჩვენ აუზთან ვერთობოდით, როდესაც თეთრკანიანი წყვილის გვერდზე გავიარე. კაცმა მოულოდნელად მკითხა, კოკაინი ხომ არ მქონდა. კითხვა ძალიან უცნაური იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. თუმცა კიდევ უფრო უცნაური ჩემი პასუხი იყო: „შემიძლია, ვიშოვო.“ მივედი და ჩემს ბიჭებს პაკეტი გამოვართვი.“

გაყალბებული დოპინგ-ტესტი

ოდომი აღიარებს, რომ მარიხუანას ბავშვობიდანვე მოიხმარდა: „როდესაც ქალაქში ყველაზე ცნობილი სკოლის მოსწავლე ხარ, ეს პრივილეგიებს გაძლევს. მე ყოველთვის ვიღაც მთავაზობდა, რომ მომეწია. ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე, მარიხუანა არასოდეს მიყიდია.“

2001 წელს, ოდომმა მარიხუნას გამო პირველი დოპინგ-ტექსტი ჩააგდო და მას დისკვალიფიკაცია მისცეს. გუნდმა მხარი დაუჭირა და ოდომი ყველას დაპირდა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. რვა თვეში მეორე ჩაგდებული დოპინგ-ტექსტი და ახალი დისკვალიფიკაცია. კლიპერსში მეორე დისკვალიფიკაციის მერე ოდომის მიმართ ნდობა დაკარგეს. კიდევ ერთი დისკვალიფიკაცია ოდომის კარიერას რამდენიმე წლით დაასრულებდა.

2004 წლის ზაფხულში იგი ამერიკის ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა ამისთვის მას დოპინგ-ტექსტი უნდა გაევლო, არადა მისივე აღიარებით, იმ ზაფხულს ყოველდღე ეწეოდა.

„ჩვენ რეზინის ხელოვნური პენისი შევუკვეთეთ. როდესაც რობერტ მონტგომერიმ, NBA-ს წარმომადგენელმა, კარზე დააკაკუნა, ხელოვნური პენისის რეზერვუარი ჩემმა მწვრთნელმა რობი დევისმა აავსო. ტესტის წესების თანახმად შარდს სხეულის სითბო უნდა ჰქონოდა. შემდეგ ჩვენ ტექსტისთვის ტუალეტში წავედით.“

NBA-ს წარმომადგენლის მოტყუება ოდომს გამოუვიდა და ის ამერიკის ნაკრებში მოხვდა.

ცხოვრება კოკაინმა დაუნგრია

2005 წლიდან ოდომი კოკაინის აქტიური მომხარებელი იყო. ეს თითქმის ყოველდღე ხდებოდა, განსაკუთრებით ხშირად ზაფხულში, როდესაც ოდომს დოპინგ-ტესტის ნაკლებად ეშინოდა. რამდენჯერმე ამ ტესტების გაყალბება ისევ მოუწია. კოკაინის გამო მან 2009 წლის ლეიკერსის საჩემპიონო ზეიმი კინაღამ გააცდინა.

„ბოლო 12 საათი რა ხდებოდა, საერთოდ აღარ მახსოვს. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც გრეგი, ლეიკერსის წარმომადგენელი, ჩემს კარზე აბრახუნებდა. ერთ საათში მოთამაშეები ქალაქის ცენტრში იკრიბებოდნენ, ჩვენ ავტობუსით მთელი ქალაქი უნდა მოგვევლო.“

პრობლემა ის იყო, რომ მოთამაშეებს თავისი შვილებიც უნდა მიეყვანათ. ოდომმა შვილების წაყვანა ვეღარ მოასწრო და მისი შვილები მამას ტელევიზორიდან უყურებდნენ. ის ერთადერთი იყო, რომელიც საჩემპიონო აღლუმზე ოჯახის წევრების გარეშე მივიდა.

ოდომი აღიარებს, რომ უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო, ფიზიკური ფორმა დაკარგა და ნარკოდამოკიდებულების დამალვა აღარ გამოსდიოდა. 2011 წელს ლეიკერსმა იგი დალასში გაუშვა.

„მჯეროდა, რომ ორგზის ჩემპიონობის შემდეგ, იმ მოთამაშეთა რიცხვში შევდიოდი, რომელსაც გუნდიდან არ გაუშვებდნენ. ტრეიდმა ფსიქოლოგიურად საბოლოოდ გამანადგურა.“

მარკ კუბანი ოდომს თამაშის დროს აგინებდა

ლეიკერსისგან განსხვავებით, დალას მავერიკსში ოდომს ხელს არავინ აფარებდა. მისგან კარგ თამაშს ითხოვდნენ და როდესაც აღმოაჩინეს, რომ ოდომი ფორმაში არ იყო, იგი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. კლუბის მფლობელი მარკ კუბანი, რომელიც დალასის ყველა შეხვედრას ესწრება, განსაკუთრებით გაბრაზებული იყო.

მარკ კუბანი დალასის თამაშზე

„კუბანს მალევე შევზიზღდი და ყველაფერს აკეთებდა, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ ექცია. საშინაო მატჩების დროს იგი პირველ რიგში თავის ადგილზე იჯდა და ყველას გასაგონად თამაშის დროს მლანძღავდა: „შენ ნელი ხარ და ფორმიდან ამოვარდი“; “დააბრუნე ფული, რასაც გიხდი“; „საერთოდ რას აკეთებ“; „უბრალოდ კატასტროფა ხარ“. ჩემივე გუნდის მფლობელი შეურაცხყოფას მაყენებდა გულშემატკივარის და თანაგუნდელების თვალწინ.“

ოდომმა ის სეზონი დალასში ვერც ჩაამთავრა. მემფისთან თამაშის დროს, კუბანი შესვენების დროს გასახდელში შევარდა და ოდომს ყველას თვალწინ ლანძღვა დაუწყო. ეს მისი ბოლო თამაში იყო.

ღალატით დასრულებული ქორწინება

ლამარ ოდომი და მისი მეუღლე ქლოი კარდაშიანი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი იყო. თუმცა, ნარკოტიკებმა ოდომს ოჯახიც დაუნგრია. მას ამ დროს უკვე ჰალუცინაციები დაეწყო.

„ამ დროს რეალობას ფანტაზიებისგან უკვე ვეღარ ვარჩევდი. მეჩვენებოდა, რომ ვიღაც მდევნიდა, ვიღაცეები მისმენდნენ და ჩემს აზრებს კითხულობდნენ. გოლფის ჯოხი ავიღე და მთელი სახლის დამტვრევა დავიწყე. მინდოდა, რომ გადამცემები აღმომეჩინა. შეშინებული ქლოი ოთახში გამოიკეტა.“

ამ ინციდენტის შემდეგ, ქლოი ოდომს აღარ ენდობოდა და მისი ანგარიშის და გადაადგილებების კონტროლი დაიწყო. ასე აღმოაჩინა ქლოი კარდაშიანმა, რომ მისი ქმარი ბევრ ფულს სასტუმროებში ხარჯავდა. 2012 წელს, როდესაც ოდომმა ორი სტრიპტიზის მოცეკვავე დაიქირავა და მათთან ერთად სასტუმროში წავიდა, გადახდილი ფულის შესახებ შეტყობინება კარდაშიანმა მაშინვე მიიღო.

„არ მეგონა, რომ ვინმეს ჩემი პოვნა შეეძლო. თუმცა, კარზე ბრახუნი გავიგე. გავიხედე და გარეთ ქლოი, კრის ჯენარი და მათი დაცვა იდგა. ქლოიმ სასტუმროს პერსონალს გასაღებიც გამოართვა. კარი გააღეს და ნომერში შემოვარდნენ. ქლოიმ პირველივე გოგოს, რომელიც დაინახა ცემა დაუწყო, დაცვა მას ძლივს აჩერებდა.“

ამ ინციდენტის შემდეგ ოდომის ქორწინება დასრულებული იყო.

ბოლო გაჩერება

2015 წელს ოდომი რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ იღებდა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. იმ დროს, როდესაც შეტევა დაიწყო, იგი ერთ-ერთ გასართობ სახლში იმყოფებოდა. მისმა ორგანიზმმა მოქმედება შეწყვიტა - გული გაუჩერდა, პირიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ოდომს გაუმართლა და მარტო არ იყო. იმ გოგოებმა, რომლებიც მან დაიქირავა, 911-ში დარეკეს...

კომენტარები

ბოლო ამბები