Thumbnail
  • 📅 11 ოქტომბერი | ⌚ 14:15 | 🏉 ავსტრალია V საქართველო | პირველი არხი
  • მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრებში 8 წელი იმუშავა

“ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება. ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი, ახლა კი, სრულად მომავალ თამაშზე ვარ მობილიზებული“, - ასე გამოხმაურა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი კითხვას აღნიშნულ პოსტზე მისი ბოლო მატჩის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ბორჯღალოსნები 2011 წელს ჩაიბარა და აგერ უკვე მე-3 მსოფლიო თასზე ათამაშებს. ჰეიგის გუნდს იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე დასკვნითი შეხვედრა ხვალ, ავსტრალიასთან ელის და ცხადია, ეცდება, გამოსამშვიდობებელი თამაში მისთვის სასურველი სცენარით წარმართოს.

“ავსტრალია უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც ოთხი წლის წინ “ოლ ბლექსთან“ ფინალში ითამაშა. ჩვენი მომავალი მეტოქე ათეული წლებია მუდამ მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში ფიგურირებს. მათ აქვთ საჭირო უნარები, სისწრაფე, ჰყავთ ძალიან ძლიერი ნახევარმცველები და უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, შერკინებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

მოკლედ, ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჩვენთვის მათთან თამაში უკანასკნელი შესაძლებლობაა, შინ თავაწეულები რომ დავბრუნდეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ავსტრალიას ეთამაშება. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენზეა, ამ შესაძლებლობას როგორ გამოვიყენებთ “, - აღნიშნა მილტონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

📸 | კაპიტნის ვარჯიში ავსტრალიასთან მატჩის წინ

ჰეიგს მოტივაცია ტყუილად არ უხსენებია. “ბორჯღალოსნებმა” ფიჯისთან პრინციპული შეხვედრა წააგეს და ახლა, ქომაგთა თვალში რეაბილიტაცია სურთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავსტრალიელთა ძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მე-3 ადგილიდან სწორედ ხსენებულ ფიჯის ჩამოაქვეითებს და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.

საინტერესოა, რომ კუნძულელებთან მარცხის მიუხედავად, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი სიახლეა.

ამჯერად, 9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე დაიწყებს, სხვა მხრივ კი, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა გაირჯებიან, ფულბექი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო გარემარბებად სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

აქვე ვთქათ, რომ კაჭარავა ეროვნული ნაკრების მაისურს 119-ედ მოირგებს და თავისივე რეკორდს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მის გარდა, ცენტურიონის ტიტულს მერაბ კვირიკაშვილი (115) და გიორგი ჩხაიძე (100) ფლობენ.

პირველ ხაზში თამაშს ისევ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი დადგებიან, ხოლო მეორეში – კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე, რომლისთვისაც ეს ბოლო ოფიციალური თამაში იქნება.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად დაწინაურდა. ცნობისთვის, გორგოძე მსოფლიო თასზე მე-15 და მისთვის ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს და ამით, უკვე ხსენებულ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.

ავსტრალიასთან მატჩში 9 ნომრის პოზიციაზე ვასილ ლობჟანიძის ნაცვლად გელა აფრასიძე ითამაშებს

როგორც აღვნიშნეთ, ორი ცვლილებაა სათადარიგოთა სკამზეც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის მაგივრად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

მომავალი მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტს ავსტრალიისთვის, რომელიც ერთადერთია ტიერ 1-ის გუნდებიდან, ვისთანაც აქამდე არასდროს გვითამაშია. თავად "ვოლაბებს" მე-2 ეშელონის ნაკრებებთან 18-ვე გასული შეხვედრა მოგებული აქვთ და თანაც, საშუალოდ 46 ქულით.

იმის გათვალისწინებით, რომ უელსის ნაკრების ურუგვაისთან მარცხი ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება, მაიქლ ჩეკას შეგირდები ჯგუფში მე-2 ადგილს ვერ ასცდებიან, ამდენად, მეოთხედფინალში C ჯგუფის გამარჯვებულ ინგლისთან ჭიდილი ელით.

“ვოლაბების” მთავარმა მწვრთნელმა ურუგვაისთან მოგების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ 5 მორაგბეს შეუნარჩუნა. ესენი ჯექ დემპსი, ნიქ ვაითი, მეთ ტომუა, ქერთლი ბილი და ჯორდან პეტაია არიან.

საინტერესოა, რომ ჩეკა მიმდინარე მსოფლიო თასის მე-4 მატჩში უკვე მე-3 მგეზავს გამოსცდის. ამჯერად, ათ ნომრად მეთ ტომუა დადგება, ვინც ურუგვაელებთან 9 ნომერზე ირჯებოდა, ახლა კი, აღნიშნულ პოზიციას ვაითს დაუთმობს.

ბურჯი სეკოპე კეპუ მე-6 მორაგბე გახდება, ვინც ავსტრალიელთა მაისურით 110 კეპს მოაგროვებს, მაიქლ ჰუპერი კი შეხვედრაში თადარიგიდან ჩაერთვება და ეროვნულ გუნდში 99-ე მატჩს ჩაატარებს. ჰუპერის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში გამოცდილი დევიდ პოქოქი დადგება, რომელიც კაპიტნის სამკლაურსაც მოირგებს.

“მათ ჩინებული შერკინება და ძლიერი ფორვარდები ჰყავთ. დრიუ მიტჩელს ვესაუბრე, რომელსაც ფრანგულ ტულონში ქართველთა წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და მითხრა, რომ დაპირისპირება ძალიან თავდადებულ ბიჭებთან მოგვიწევს. ჩვენი წინა ხაზისთვის ეს დიდი გამოცდა იქნება. ვეცდებით, კარგი სტარტი ავიღოთ და მინდორზე დომინანტის რანგში ვიყოთ” – აღნიშნა ხსენებულმა კეპუმ.

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე ათამაშა

ჩეკა კიდევ ერთ შანსს აძლევს 19 წლის გარემარბ ჯორდან პეტაიას, რომელიც მსოფლიო თასზე პირველად ურუგვაისთან მატჩში გამოჩნდა და “ვოლაბების” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, ვინც ამ დონეზე ითამაშა. იმ შეხვედრაში პეტაიამ ლელოც დადო და უდავოა, რომ ქართველთა გამწარებასაც ეცდება.

საქართველოს და ავსტრალიის ნაკრებების შერკინება შიზუოკის პრეფექტურის ქალაქ ფუკუროიში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე გახლავთ დაგეგმილი. მატჩის მსაჯი ფრანგი პასკალ გაიუზერი იქნება, რომელსაც კიდეებიდან თანამემამულე ჟერომ გარსეზი და იაპონელი შუჰეი კუბო დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის მოვალეობას კი სამხრეთაფრიკელი მორის იონკერი შეასრულებს.

ავსტრალია: 1. სქოთ სიო, 2. ტოლუ ლატუ, 3. სეკოპე კეპუ, 4, აიზექ როდა, 5, რორი არნოლდი, 6. ჯექ დემპსი, 7. დევიდ პოქოქი, 8. ისი ნაისარანი, 9. ნიქ ვაითი, 10. მეთ ტომუა, 11. მარიკა კოროი’მბეტე, 12. სამუ კერევი, 13. ჯეიმზ ო’ქონორი, 14. ჯორდან პეტაია, 15. ქერთლი ბილი.
სათადარიგოები: 16. ჯორდან უელესი, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. ადამ ქოულმენი, 20. მაიქლ ჰუპერი, 21. ვილ გენია, 22. ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო, 23. დეინ ჰეილეთ-პეთი.
 

საქართველო: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე, 9. გელა აფრასიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. გიორგი კვესელაძე, 15. სოსო მათიაშვილი.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები