Thumbnail
  • ქართული რაგბის ლეგენდა ნაკრების მაისურით ბოლოჯერ ითამაშებს
  • მამუკა გორგოძე საკლუბო დონეზე წინადადებებს ელის

საქართველოს სარაგბო ნაკრების ლეგენდა მამუკა გორგოძე საკლუბო კარიერის დასრულებას არ აპირებს და მომავალს იმედიანად უყურებს. ამ ამბავს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა და ბორჯღალოსანთა ლიდერს ინტერვიუც ჩამოართვა.

გორგოძე ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრას ხვალ, 11 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც საქართველო ისტორიაში პირველად ავსტრალიას დაუპირისპირდება. მამუკამ სანაკრებო კარიერა 2017 წელს ერთხელ უკვე დაასრულა, თუმცა, როდესაც მიმდინარე ტურნირის წინ, ბორჯღალოსნებს საკადრო პრობლემები შეექმნათ, გამოძახებაზე უარი აღარ უთქვამს.

ახლა, ის საბოლოოდ მიდის, თუმცა, თამაშს განაგრძობს საკლუბო დონეზე, სადაც ფრანგული ტულონის ღირსებას იცავს. სხვათა შორის, “გორგოძილას” მსოფლიო თასისთვის მზადების სამთვიანი პერიოდი ნაკრებთან ერთად არ გაუვლია, თუმცა, თვლის, რომ ტულონში არსებული პირობების გათვალისწინებით, ის მსოფლიო თასს მაინც იდეალურ კონდიციებში შეხვდა.

“მორაგბეებს, რომლებიც ტოპ 14-ის დატვირთვებს უმკლავდებიან, მსოფლიო თასზე მაღალ დონეზე გარჯის პრობლემა არასდროს ჰქონიათ”, - ამბობს მამუკა და თუკი მის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ძნელია, არ დავეთანხმოთ.

გასულ მატჩში გორგოძემ 19 ბოჭვა გააკეთა, გაცუდებული ბოჭვების წილი კი მხოლოდ 5% ჰქონდა, რაც სრულიად საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელია.

მამუკა გორგოძე უელსთან მატჩში

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიასთან მატჩში მამუკა მსოფლიო თასზე ნაკრების მაისურით მეთხუთმეტედ ითამაშებს და ამით, ბორჯღალოსანთა ყველა დროის რეკორდსმენ მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.

თუკი გორგოძის სანაკრებო კარიერა დასასრულისკენ მიდის, იგივს ვერ ვიტყვით საკლუბო დონეზე. ქართველ მორაგბეს გაცხადებული ჰქონდა, რომ 2019-20 წლების შემდეგ თამაშის დასრულებას აპირებდა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა.

“როდესაც ეს ვთქვი, ტრავმებით ვიყავი გაწამებული და ფსიქოლოგიურადაც რთული პერიოდი მქონდა, თუმცა, ამჟამად თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე შარშან ან იმის წინ. თავად ახალი კლუბის მოძიებას არ ვაპირებ, მაგრამ ვითამაშებ და თუკი ვინმე შემომეხმიანება და პირობებს შემომთავაზებს, მათ განსახილველად მზად ვარ”.

გორგოძეს ისიც კარგად ესმის, რომ მუდმივად რაგბს ვერ ითამაშებს, ამდენად, იმაზეც უნდა იფიქროს, რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით, რაც ქართველ სპორტსმენს აქვს გადაწყვეტილი, ისაა, რომ საფრანგეთში გატარებული 15-წლიანი პერიოდის მერე, სამშობლოში დაბრუნდება.

“დიახ, აუცილებლად საქართველოში წავალ. იქნებ, იქ მცირე ბიზნესიც წამოვიწყო. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, რაგბში დარჩენას არ ვაპირებ, ამ ეტაპზე მაინც.

ცხადია, თუკი ქვეყანას დასჭირდება, მზად ვარ, სარაგბო ოჯახს ყველანაირად გვერდში დავუდგე, მაგრამ მწვრთნელობა ან მსგავსი რამ ნამდვილად არ მიზიდავს. ვფიქრობ, შესაძლებელია, რაგბში ჩართული ამის გარეშეც იყო”.

მამუკას ქალიშვილი და 2 ბიჭი ჰყავს, რომელთაგან უფროსი 11 წლისაა, უმცროსი კი – მხოლოდ ერთის. ქართველ მორაგბეს იმედი აქვს, რომ მომავალში მათთან ერთად მეტ დროს გაატარებს.

“შინ 2 ძაღლიც გვყავს და სხვა რაღაცეებისთვის დრო ყოველთვის ცოტა მქონდა. ადრე ნადირობა მიყვარდა და საქართველოშიც და საფრანგეთშიც ეს ჩემი უმთავრესი ჰობი იყო, თუმცა, ეს წარსულს ჩაბარდა. უფრო ჰუმანური გავხდი და ცხოველების დახოცვა აღარ შემიძლია”.

'გორგოძილა' ეროვნული ნაკრების მაისურით ავსტრალიასთან ბოლოჯერ ითამაშებს

სარაგბო კარიერის შეფასებისას გორგოძე სამ მომენტს გამოყოფს: 2007 წელს მისთვის სადებიუტო მსოფლიო თასს, 2015 წლის ტურნირზე ტონგის დამარცხებას და იმავე მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან მატჩს, როდესაც ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

იაპონიაში ჩასულ საქართველოს ნაკრებს დიდი იმედგაცრუება ელოდა, როდესაც ფიჯისთან პრინციპული მატჩი წააგო. ეს რთულად მისაღები იყო, თუმცა, ბორჯღალოსნები მოტივაციის ნაკლებობას არც ავსტრალიასთან გასამართი ურთულესი შეხვედრის წინ უჩივიან.

“ავსტრალია უძლიერესი გუნდია. ყველანი ძალიან აღელვებულნი ვართ და ვგრძნობთ, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. წესით, მსოფლიო თასის მატჩს დამშვიდებული უნდა ხვდებოდე, თუმცა, “ვოლაბებთან” თამაში მართლაც განსაკუთრებულია. მათ დიდ პატივს ვცემ და მინდა, ჩემი თავი კუნთიან ავსტრალიელებთან გამოვცადო”.

კომენტარები

ბოლო ამბები