Thumbnail
  • ჯორდან გრინვეიმ ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა.
  • ის აშშ-ის ჰოკეის ოლიმპიურ გუნდში პირველი აფროამერიკელია.

ჯორდან გრინვეის კოლეჯი ჯერაც არ დაუმთავრებია, მაგრამ უკვე ისტორიის ნაწილი გახდა. 20 წლის გრინვეი პირველი აფროამერიკელია აშშ-ის ჰოკეის გუნდში, ოლიმპიურ თამაშებზე.

“ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი. მჯეროდა, რომ მიზანს მივაღწევდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს კოლეჯის დამთავრებამდე მოხდებოდა,” - განაცხადა თავდამსხმელმა, რომელიც პირველ მატჩს ოთხშაბათს, სლოვენიასთან ჩაატარებს.

გრინვეი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ის შარშან NHL-ის დრაფტზე მინესოტამ აიყვანა, მაგრამ ჯორდანმა პროფესიონალის კარიერაზე დროებით უარი თქვა და უნივერსიტეტს მიანიჭა უპირატესობა.

ჯერ სწავლა, მერე ჰოკეი - ასეთმა მიდგომამ ის ოლიმპიურ თამაშებზე მოახვედრა!

საქმე ისაა, რომ რაკი NHL-მა ზამთრის თამაშებზე უარი თქვა, აშშ-ის გუნდში სხვებთან ერთად, საუკეთესო კოლეჯელები მოხვდნენ და ჯორდან გრინვეიც ერთ-ერთი მათგანია.

გრინვეი კანტონში, კანადის საზღვართან ახლოს გაიზარდა. ჰოკეი მისთვის ბავშვობიდან სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო. დედამისი, შენონ სალივანი ბედნიერია: “ცრემლებს ვერ ვიკავებ - ჩემი შვილი ოლიმპიადაზე ითამაშებს!” თავად ჯორდანს კი იმედი აქვს, რომ აშშ-ის ოლიმპიურ გუნდში მომავალში სხვა აფროამერიკელებიც გამოჩნდებიან.

ამერიკაში დარწმუნებულები არიან, რომ გრინვეისთვის ეს ერთადერთი ოლიმპიური თამაშები არ იქნება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ NHL 2022 წლის ზამთრის თამაშებში (პეკინი) დაბრუნდება. საქმე ისაა, რომ გრინვეი ერთ-ერთ უნიჭიერეს ჰოკეისტად მიიჩნევა. მან უკვე მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონობა 18 და 20-წლამდელთა შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები