Thumbnail

იბრაჰიმოვიჩი სერია A-ში? ზლატანს ევროპაში დაბრუნება სურს

  • გელექსის თავდამსხმელს MLS-ის კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში უსრულდება
  • 38 წლის შვედის აზრით, ის ევროპაში მოთამაშე არაერთ ფეხბურთელს აჯობებდა

ლოს ანჯელეს გელექსის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ევროპაში სათამაშოდ დაბრუნდეს. 38 წლის შვედი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კვლავაც შეუძლია ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში წარმატებით გამოსვლა. 

ზლატანი ლოს ანჯელეს გელექსიში 2018 წლის გაზაფხულზე გადაბარგდა, ამ სეზონში კი კლუბის მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 35 გატანილი გოლით გამოირჩა. გელექსიმ MLS-ის პლეო ოფიში გააღწია, ⅛-ფინალში კი მინესოტა იუნაიტედს დაუპირისპირდება. 

წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გელექსი პლეი ოფში გაიყვანა

"მსურს თუ არა ისევ სერია A-ში თამაში? დიახ, 100%-ით. ვიცი, რომ კიდევ ბევრს შევძლებდი იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ბევრ ისეთ ფეხბურთელზე წარმატებული ვიქნებოდი, რომლებიც დღეს იქ გამოდიან. ჩემი კონტრაქტი დეკემბერში იწურება, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - აქვეყნებს ზლატანის ნათქვამს Daily Mail, რომელსაც იტალიაში იუვენტუსში, ინტერსა და მილანში უთამაშია.

შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იუვენტუსთან ერთად ორი სკუდეტო მოიგო (2004/05 და 2005/06 წლებში), მაგრამ ტურინელებს ორივე ტიტული "კალჩოპოლის" შემდეგ ჩამოერთვათ. მოგვიანებით ის იტალიის ჩემპიონი სამჯერ ინტერში გახდა - 2006/07, 2007/08 და 2008/09 წლებში. მილანთან ერთად იმავეს იბრამ 2010/11 წლებში მიაღწია.

ზლატან იბრაჰიმოვმა კარიერა მშობლიურ მალმიოში დაწყო, სხვადასხვა დროს კი, სერია A-ს კლუბების გარდა, აიაქსში, ბარსელონაში, პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები