Thumbnail

შანხაის მასტერსი 2019 | ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-5 ჩოგანი იქნება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს დომინიკ ტიმთან დადებითი ბალანსი აქვს
  • ქართულ-ავსტრიული დაპირისპირება ხვალ არის დაგეგმილი

შანხაიში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 332 885 დოლარი) მერვედფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტიმმა გასულ კვირას პეკინის პრესტიჟულ ტურნირზე იმარჯვა და მოქმედი ჩემპიონის ტიტული სწორედ ბასილაშვილს ჩამოართვა, შანხაიში კი პირველი გამარჯვება პაბლო კარენო ბუსტასთან იზეიმა.

დომინიკ ტიმს ჩინებული პერიოდი უდგას

ავსტრიულ-ესპანური დაპირისპირება დღეს შედგა და პირველ სეტში დომინიკს 3 სეტ-პოინტის გადარჩენა მოუხდა, მეორეში კი მისი უპირატესობა აშკარა იყო და 7:6 (7:3), 6:3 იმარჯვა.

თავის მხრივ, ჩინეთში უკვე 2 წრე გაიარა ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველ რადუ ალბოტს 4:6, 6:1, 6:3 სძლია, ფრანგი ბენუა პერი კი 6:4, 1:6, 6:1 დაამარცხა.

27 წლის ბასილაშვილი 26 წლის ტიმს კარიერაში ერთადერთხელ შეხვედრია და დადებითი ბალანსი აქვს. 2017 წელს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართული ტურნირის მერვედფინალში ნიკამ მეტოქეს 6:4, 6:4 სძლია.

📺 ნიკოლოზ ბასილაშვილი - დომინიკ ტიმი 6:4, 6:4 (2017 წლის სოფიის ტურნირზე)

ცნობისთვის, მიმდინარე რეიტინგში ტიმს მე-5 ადგილი უკავია, ბასილაშვილი კი 24-ეა და გამარჯვების შემთხვევაში 2 პოზიციით დაწინაურდება.

ნიკას და დომინიკის შეხვედრა, ხვალ, 10 ოქტომბერს, მე-3 კორტზე გახლავთ დაგეგმილი და პოლონელი რობერტ ჰურკაჩის და ბერძენი სტეფანოს ციციპასის მატჩის შემდეგ, თბილისის დროით დაახლოებით 13:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები