Thumbnail

ტორპედოს კაპიტანი: სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ვარჯიშს ვწყვეტთ!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქუთაისის ტორპედომ ვარჯიში შეწყვიტა
  • ოფიციალური გვერდი წერს, რომ კლუბში გაუსაძლისი პირობებია

დღეს, ქუთაისის ტორპედოს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდმა ვარჯიში შეწყვიტა. მიზეზად კლუბსა და საწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობაა დასახელებული.

🆘 კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.❗️

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი უკვე დიდი ხანია, რთულ მდგომარეობაშია. ფეხბურთელები ფინანსური პრობლემების მოგვარებასა და სავარჯიშო პირობების გამოსწორებას ითხოვენ. 'პოპსპორტი' ქუთაისელთა კაპიტანს, როინ კვასხვაძეს დაუკავშირდა.

როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედოს კაპიტანი): "დღეს, ფეხბურთელებმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ვარჯიშს ვწყვეტთ - ყველა ერთ აზრზე ვართ. კლუბიდან არავინ მივდივართ, მაგრამ ველოდებით დავალიანების დაფარვასა და სავარჯიშო პირობების შექმნას.

იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში ყველა ჩაერთვება. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ისტორიული გუნდი ასეთ მდგომარეობაშია. მეც ერთი სურვილი მაქვს, რომ დავბრუნდე და თამაში გავაგრძელო. როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, ყველა დავიწყებთ კონტრაქტის პირობების შესრულებას. სავარაუდოდ, მერიაც და ყველა ჩაერთვება ტორპედოს საქმეში, რადგანაც ამხელა ისტორიის გუნდი და ამხელა ქალაქის გუნდი არ უნდა დაიშალოს."

შეგახსენებთ, რომ ქუთაისური კლუბი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე მოქმედი ჩემპიონი საბურთალოა. ტორპედო ეროვნულ ლიგაში 40 ქულით მე-5 ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური რჩება.

ქუთაისის ტორპედო დიდი ხანია, რთულ მდგომარეობაშია
📸 | ტორპედო

 

კომენტარები

ბოლო ამბები