Thumbnail
  • მსაჯმა 4 მორაგბე გაასინბინა, ბიგარი მძიმე ტრავმას გადაურჩა
  • უელსმა და ავსტრალიამ მეოთხედფინალის საგზურები გაინაღდეს

იაპონიის ქალაქ ოიტას სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი იხილა. ფავორიტად მიჩნეულმა უელსის ნაკრებმა ფიჯი მხოლოდ დასკვნით ოცწუთეულში “გატეხა” და საბოლოოდ, ბონუს-ქულით – 29:17 იმარჯვა.

📺 უელსი - ფიჯი 29:17

მატჩის ფრანგმა არბიტრმა ჟერომ გარსეზმა მეტოქეებს ორ-ორი ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც თამაშის პრინციპულ ხასიათზე მიანიშნებს.

კუნძულელები უკვე მე-8 წუთისთვის ჯოსუა ტუისოვას და კინი მური’მური’ვალუს ლელოებით 10:0-ს იგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში მონაგარს მხოლოდ საჯარიმო ლელო შემატეს, არადა, სახიფათო შეტევა სხვაც ბევრი ჰქონდათ.

კოშმარული სტარტის მიუხედავად, “წითელმა დრაკონებმა” გონს მოსვლა მალევე მოახერხეს და მართალია, 57-ე წუთისთვის მეტოქეს მაინც ჩამორჩებოდნენ (14:17), დარჩენილ დროში 15 უპასუხო ქულა მიითვალეს.

მატჩის გმირი უელსის ნაკრების გარემარბი ჯოშ ადამსი გახდა, რომელმაც მეტოქე 3-ჯერ დაალელოვა, გუნდის მგეზავი დენ ბიგარი კი უმძიმეს ტრავმას გადაურჩა, როდესაც თანაგუნდელ ლიამ უილიამსს თავით შეასკდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში წამოდგომას ვერ ახერხებდა.

ვორენ გეთლენდის შეგირდებმა ცოტა კი ინერვუიულეს, თუმცა, 14 ქულით D ჯგუფს სათავეში მოექცნენ და ნათელია, რომ მეოთხედფინალში წაუგებლად გავლენ, რადგანაც 13 ოქტომბერს დასკვნითი შეხვედრა აუტსაიდერ ურუგვაისთან ელით.

ფიჯელთა წარუმატებლობის ფონზე, ცხადი გახდა ისიც, რომ ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი მე-2 საგზური ავსტრალიას ერგება, რომელიც 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები