Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
  • უორიორსმა ფინიქს სანსი 46-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.
  • ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 პასი და 6 მოხსნა.

გოლდენ სტეიტი ფორმაშია! NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში ჰიუსტონს პირველ ადგილთან მიახლოვების შანსს აღარ აძლევს. დალასთან (121:103) და სან ანტონიოსთან (122:105) მოგებების შემდეგ, უორიორსმა ფინიქსი ძალიან ადვილად, 46-ქულიანი სხვაობით, 129:83 დაამარცხა!

ზაზა ფაჩულიამ ამჯერად მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა (16 წუთში). სამაგიეროდ, გოლდენ სტეიტის ქართველ ცენტრს 6 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. ზაზამ ოთხიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ 6-დან 5 მოხსნა დაცვაში გააკეთა. მას ასევე 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.

პირველი პერიოდი გოლდენ სტეიტმა მხოლოდ 1-ქულიანი სხვაობით (25:24) მოიგო და უპირატესობა მომდევნო მეოთხედებში გაზარდა. უორიორსმა მეორე პერიოდი 37:21 მოიგო და შესვენებისთვის უკვე საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ფინიქსს ამ შეხვედრაში წარმატების მიღწევის შანსი არ ჰქონდა. გოლდენ სტეიტმა საბოლოოდ 46-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

საინტერესოა, რომ მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 29 ქულით ფინიქსელი ელფრიდ პეიტონი გახდა. გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო სტეფ კარი იყო (22 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი), ომრი კასპიმ ორმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა, 10 მოხსნა), კევინ დურანტის ანგარიშზე კი 17 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი იყო.

გოლდენ სტეიტი დასავლეთში კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს, ფინიქსი კი კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ საკრამენტოს უსწრებს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს, პორტლენდთან გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები