Thumbnail
  • ბარსელონას კაპიტანმა კატალონიურ რადიო RAC 1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
  • 32 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა საინტერესო საკითხებზე ილაპარაკა
  • ლეო ბარსადან წასვლაზე, გრიზმანზე, ნეიმარსა და რონალდოზე საუბრობს

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ კატალონიურ რადიოსადგურ RAC 1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 32 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ბარსელონიდან წასვლის სურვილზე, ანტუან გრიზმანზე, ნეიმარსა და კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.

ბარსან წასვლის სურვილზე

მესი ბარსელონას მთავარი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს

კატალონიელთა კაპიტანმა აღიარა, რომ იყო დრო, როდესაც კლუბიდან წასვლაზე ფიქრობდა და ამის მიზეზი ესპანურ საგადასახადო კანონმდებლობასთან პრობლემები იყო. 

"მაშინ, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გამო წასვლაზე ვფიქრობდი. ოღონდ, ეს იყო არა ბარსას, არამედ ესპანეთის დატოვების სურვილი. ვგრძნობდი, რომ აქ ცუდად მეპყრობოდნენ და აღარ მინდოდა აქ ყოფნა. თუმცა, არასდროს მიმიღია ოფიციალური წინადადება სხვა კლუბისგან, რადგან ყველამ იცოდა, ჩემი დამოკიდებულება ბარას მიმართ".

გრიზმანთან ურთიერთობაზე

ფრანგი ფეხბურთელი ბარსელონას გასულ ზაფხულს შეუერთდა

ლეომ კომენტარი გააკეთა ხმებზე, რომლის თანახმად, მას და მის თანაგუნდელ გრიზმანს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

"ბარსაში გადასვლა იოლი არაა. გვერდიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ვისაც პატარა ასაკიდან შეხება არ ჰქონია კლუბის ფილოსოფიასთან, აქ ადაპტაცია უჭირს. აქამდე ის სხვა ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ მაინც შეძლებს ინტეგრირებას, რადგან საკმაოდ მაღალი დონის და ჭკვიანი ფეხბურთელია. ტყუილია, თითქოს აქ გრიზმანის დანახვა არ მსურდა. მასზე შარშანაც ვილაპარაკე, როდესაც ბარსაში აპირებდა გადმოსვლას და მახსოვს, რაც ვთქვი. არასდროს მქონია რაიმე პრობლემა მასთან და მის გარემოცვასთან".

ნეიმარის დაბრუნებაზე

ნეიმარი პსჟ-ში ბარსადან 2017 წლის ზაფხულში, სარეკორდო 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ესპანეთში ნეიმარის არშემდგარ დაბრუნებაზე ისაუბრა. პსჟ-ის ბრაზილიელ ფორვარდის მომავალს, მისი ყოფილი კლუბის, ბარსელონას გარდა, მადრიდის რეალსაც უკავშირებდნენ. ლეო დარწმუნებული ყოფილა, რომ ნეიმარი მადრიდში აღმოჩნდებოდა.

"სინამდვილეში, ვფიქრობდი, რომ ნეიმარი თუ ბარსელონაში ვერ დაბრუნდებოდა, რეალში მაინც წავიდოდა. მას მართლაც სურდა პსჟ-ის დატოვება და ამის შესახებ თქვა კიდეც. ვფიქრობდი, რომ ფლორენტინო პერესი და რეალის ყველაფერს გააკეთებდნენ ხელში მის ჩასაგდებად".

რონალდოს წასვლაზე

რონალდო რეალში 2009-18 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც იუვესში 117 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა

მესი ასევე აღიარებს, რომ სურდა, ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალში დარჩენილიყო:

"რეალი სეზონის ბოლომდე იბრძოლებს ტიტულებისთვის, რადგან შემადგენლობაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. გასაგები იყო, რომ კრიშტიანოს წასვლა კლუბს დაეტყობოდა. მინდოდა, რომ ის დარჩენილიყო რეალში. ჩვენს და ბარსა-რეალის მეტოქეობას ის თავისებურ ხიბლს მატებდა".
 

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ, ტრავმების გამო, საკლუბო დონეზე სულ 5 მატჩში ითამაშა და მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე პასია. არგენტინელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები