Thumbnail

დიდი სკანდალი NBA-ში - ჩინეთი ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჰიუსტონ როკეტსის მენეჯერმა ჰონკონგის აქციებს მხარი დაუჭირა
  • ჩინური კომპანიები ჰიუსტონთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ
  • ამერიკული პოლიტიკური ელიტა დერილ მორის იცავს

ჰიუსტონ როკეტსი, მოულოდნელად, ჩინურ-ამერიკული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი გახდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰიუსტონის გენერალურმა მენეჯერმა დერილ მორიმ თავის სოციალურ ქსელში ჰონკონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერა გამოხატა.

"იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, მხარი დაუჭირეთ ჰონკონგს"

ჩინურ მხარეს ამაზე უმწვავესი რეაქცია ჰქონდა. არამხოლოდ სახელმწიფო ტელეკომპანიამ, არამედ ყველა იმ კომპანიამ, რომელიც NBA-ს აშუქებს, ასპონსორებს, ან რაიმე სხვა ტიპის მარკეტინგული, ან სარეკლამო ურთიერთობა აქვს, მაშინვე უარი განაცხადა ჰიუსტონ როკეტსის გაშუქებაზე, ან მათთან რაიმე ტიპის სარეკლამო, სპონსორულ ან მარკეტინგულ ურთიერთობაზე. 

ჩინური ბაზარი NBA-სთვის უდიდესია. სპეციალისტების გათვლით, ჩინეთში NBA-ს სულ მცირე 400 მილიონი აქტიური გულშემატკივარი ჰყავს. კალათბურთი ამ ქვეყანაში ნომერ პირველი სპორტია გულშემატკივრების დიდი არმიით. ამასთან ერთად, ჩინურ კომპანიებს დიდი გავლენა აქვთ NBA-ზე, მაგალითად, "ტენსენტს", კომპანიას, რომელიც NBA-ს ონლაინ-ტრანსლიაციებს ჩინეთში გადასცემს, გასულ სეზონში 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. "ტენსენტმა" ამ სეზონში ჰიუსტონ როკეტსის ტრანსლირებაზე უარი თქვა.

დერილ მორი - ჰიუსტონის მენეჯერი

ჰიუსტონ როკეტსი ჩინეთში პოპულარობით მეორე გუნდია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩინეთში კალათბურთის პოპულარობის ზრდა იაო მინის სახელს უკავშირდება, რომელსაც ვარსკვლავური კარიერა სწორედ ჰიუსტონში ჰქონდა. იაო ახლა ჩინეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და მან მაშინვე გააკრიტიკა დერილ მორი და ჰიუსტონ როკეტსი.

იაო მინი - ჰიუსტონის ყოფილი ლეგენდა

ამერიკელებს უკან დახევა მოუწიათ. მორიმ თავისი პოსტი მალევე წაშალა, ხოლო ჰიუსტონის მფლობელმა ტილმან ფერტიტამ განაცხადა, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ დერილ მორის პირადი აზრია და არა ჰიუსტონ როკეტსის ოფიციალური პოზიცია. მოგვიანებით, ჰიუსტონიც და მთელი NBA ცდილობდა ჩინურ მხარესთან მობოდიშებას და "ჩვენ ჩინეთი ძალიან გვიყვარს" ტიპის განცხადებებს აკეთებდა.

ტილმან ფერტიტა - ჰიუსტონის მფლობელი

NBA თავის ფინანსურ ინტერესებზე ზრუნავს, ჩინური ბაზრიდან ლიგა ძალიან ბევრს ფულს აკეთებს. თუმცა ასეთმა რეაქციამ უკვე ამერიკის პოლიტიკური ელიტა გააღიაზიანა. პირველ რიგში, დერილ მორის არაკანონიერი არაფერი უთქვამს და მთელ მსოფლიოში ჰონკონგის აქციებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ამერიკის პოლიტიკა ტრადიციულად ჰონკონგის ავტონომიას მხარს უჭერს და NBA-ს რეაქცია მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ბიზნეს-ინტერესების გამო დერილ მორის თავისი პირადი პოზიციის გამოხატვის უფლება შეუზღუდეს.

NBA ამერიკული ფასეულობების ღალატში დაადანაშაულა CNN-მა, გააკრიტიკა ბეტო რურკმა, დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და ამერიკული პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლებმა. საერთოდაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ჩინური ბიზნესის ამერიკის ეკონომიკაზე გავლენის შემცირება მიიჩნევა. ჰიუსტონ როკეტსი დილემის წინაშე აღმოჩნდა. 

დერილ მორისთან ერთად, მათ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა აღარ გამოუვათ, რაც დიდ ფინანსურ დანაკარგებს ნიშნავს. მეორე მხრივ, დერილ მორი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, რომელმაც გუნდში ჯეიმს ჰარდენი, კრის პოლი, დუაიტ ჰოვარდი და რასელ ვეტსბრუკი მიიყვანა. მისი გაშვება დიდი დანაკლისი იქნება სპორტული კუთხით და ამერიკულ საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯად მიიჩნევა. მოკლედ, ჰიუსტონ როკეტსი დიდი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები