Thumbnail

ოქროს ბურთი დე ბრუინს? გვარდიოლამ ბელგიელი მესის და რონალდოს გვერდით დააყენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
გაზიარება
  • ხოსეპ გვარდიოლა კევინ დე ბრუინს აქებს.
  • პეპის აზრით, ბელგიელი მესის და რონალდოს კონკურენციას გაუწევს.

კევინ დე ბრუინი პრემიერლიგაში საგოლე პასების მეფეა. ლესტერთან მოგებულ მატჩში (5:1) ბელგიელმა სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

2012 წლის შემდეგ დე ბრუინს 77 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ამ შედეგით ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის ნებისმიერ ფეხბურთელს ჯობია - მათ შორის, ლიონელ მესის (76) და კრიშტიანო რონალდოსაც (74)!

სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მას ამიტომაც აყენებს მესის და რონალდოს გვერდით. პეპი მიიჩნევს, რომ დე ბრუინი “ოქროს ბურთის” მოგების რეალური კანდიდატია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ბელგიელს “ოქროს ბურთის” მოგება, გვარდიოლამ ასე უპასუხა: “ორი აზრი არ არსებობს - რა თქმა უნდა, შეუძლია!”

“კევინი მთელი სეზონია, შესანიშნავად თამაშობს! როცა თამაში სამ დღეში ერთხელ გვიწევს, მაინც ძალიან მაგრად თამაშობს. მის პოზიციაზე, მასზე უკეთესის პოვნა მთელ ევროპაში ძალიან ძნელია,” - ასე შეაქო გვარდიოლამ 26 წლის შეგირდი.

“ჩემთვის მთავარია, რომ მანჩესტერ სიტი იგებდეს. პირად ტიტულებზე არ ვფიქრობ. “ოქროს ბურთის” მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზანი. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ საქმეები კარგად მიდის. კარგად ვთამაშობთ, მატჩებს ვიგებთ და ტიტულებისკენ მივიწევთ - ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა,” - ეს დე ბრუინის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. კევინ დე ბრუინის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 7 გოლი და 14 საგოლე პასია.

#KDB2023

More to come! #KDB2023

Posted by Kevin De Bruyne on 2018 წლის 23 იანვარი, სამშაბათი
კომენტარები
ბოლო ამბები