Thumbnail

'იმედი გვაქვს, დარჩება' - ფახთაქორი შოთა არველაძეს ახალ კონტრაქტს უმზადებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 46 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკეთში ძალიან პოპულარულია
  • უზბეკეთის ჩემპიონები არველაძეს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ

ტაშკენტის ფახთაქორი აპირებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს თანამშრომლობის გაგრძელება შესთვაზოს. ამის შესახებ უზბეკური კლუბის გენერალურმა დირექტორმა დმიტრი ადისმანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შოთას უზბეკურ წარმატებაში წვლილი გოჩა ტყებუჩავასა და არჩილ არველაძესაც მიუძღვით

46 წლის ქართველმა სპეციალისტმა ფახთაქორი 2017 წელს ჩაიბარა, წელს კი უზბეკეთის ჩემპიონი ვადამდე, სუპერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახადა. შოთასთან ერთად ტაშკენტის კლუბში, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობენ.

შოთა არველაძემ ფახთაქორს წელს ჩემპიონობა მოაპოვებინა

"შოთა არველაძემ, რომელსაც სახელიან გუნდებში მუშაობის გამოცდილება აქვს, ორნახევარი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ვიმედოვნებთ, რომ მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე დარჩება. დავძენ, რომ არველაძე უზბეკეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტია და დიდად ეხმარება ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვადიმ აბრამოვს. აბრამოვმა ნაკრები რთულ პერიოდში ჩაიბარა, შოთა არველაძის თანადგომა კი, რომელმაც კარგად იცის თამაშის ჩვენი სტილი, მისთვის აუცილებელია", - აღნიშნა ადისმანმა.

ფახთაქორს უზბეკეთის სუპერლიგაში გასული 21 ტურის შემდეგ, 59 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ლოკომოტივს 21 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური რჩება. 

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა მწვრთნელობა 2008 წელს, ჰოლანდიურ აზ ალკმაარში, ლუი ვან გაალის ასისტენტობით დაიწყო. მთავარ მწვრთნელად კი თურქულ კლუბებში: ქაისერისფორში, ქასიმფაშასა და ტრაბზონსფორში იმუშავა. უზბეკეთში წასვლამდე შოთამ ისრაელშიც იმუშავა - თელ ავივის მაქაბიში. 

კომენტარები

ბოლო ამბები