Thumbnail

'ავსტრალიას შევაკვდებით' - მერაბ შარიქაძეს იაპონიის დატოვება თავაწეულს სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ბოლო მატჩს ავსტრალიასთან გამართავენ
  • კაპიტანს სურს, რომ საქართველოს ნაკრებმა იაპონია თავაწეულმა დატოვოს

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიძუოკაშია და მომავალი მატჩისთვის ემზადება. "მსოფლიო რაგბი" "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა. შარიქაძე ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა ამბობს, რომ გუნდს მსოფლიო თასის დატოვება თავაწეულს სურს.

შარიქაძე ამბობს, რომ ფიჯისთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, გუნდი მზადაა "შეაკვდეს" ავსტრალიასთან მატჩში. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მან პირველად სწორედ ფიჯისთან ითამაშა სასტარტო XV-ში და ამბობს, რომ ის თამაში მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო.

მერაბ შარიქაძე: "ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ. მაგრამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დასკვნითი 20 წუთის თამაშს ასახავს და არა - სრულ შეხვედრას. იყო მომენტები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფერი შეეცვალათ. ვისაც რაგბი ესმის, ისინი მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებთ, ეს ყველა ჩვენთაგანის ბრალია

ჩვენი რეპუტაცია ძალიან დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს - კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. მეტოქეს შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეული და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია. 

ამ მსოფლიო თასმა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი დაგვანახა - ხაზის მოთამაშეები: გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე; ასევე - მორკინალები: გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე, რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მსოფლიო თასის შემდეგ, სავარაუდოდ ნაკრებს დატოვებენ ასაკოვანი მოთამაშეები. მე და დანარჩენებმა, რომლებიც ნაკრებში მომავალშიც ვითამაშებთ, უნდა გავითავისოთ ეს ისტორია და მოვემზადოთ შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჯერ კარგად უნდა ვითამაშოთ ავსტრალიის წინააღმდეგ და შემდეგ დავიწყოთ მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჩვენ უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან".

კომენტარები

ბოლო ამბები