Thumbnail

საქართველო ექვს ერში | რა შეიძლება შეცვალოს ინგლისელთა მიწვევამ ბორჯღალოსნებისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს ნაკრები ლონდონშია და ინგლისის ნაკრებთან ერთად ემზადება.
  • არის თუ არა ეს ნიშანი, რომ საქართველოს მომავალში ექვს ერში მიიღებენ?
  • ევროპული მედია ისევ დაინტერესდა ამ საკითხით...

ექვსი ერის გათამაშება დაწყებულია, დაიწყო რაგბი ევროპის ჩემპიონატიც - იტალია კვლავ დიდი ანგარიშებით აგებს, მაშინ, როცა მსოფლიოს რეიტინგში მასზე ორი საფეხურით წინ მდგომი საქართველო, პირიქით, დიდი ანგარიშით იგებს. ამ ყველაფერს დაემატა ინგლისის ნაკრების სპეციალური მიწვევა - "ბორჯღალოსნები" ინგლისელებთან ერთად ვარჯიშობენ.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გაააქტიურებდა ექვს ერში საქართველოს ნაკრების დამატების თემას, რასაც ევროპული მედია პერიოდულად უბრუნდება ხოლმე. 

ევროპული მედიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად საჩვენოა - ჟურნალისტები ცვლილებებს ითხოვენ, რასაც ექვსი ერის ხელმძღვანელობა ჯერ ეწინააღმდეგება. 

► ბოჯღალოსნები ლონდონში! ნაკრები ინგლისთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავს

Irish Times

"შაბათს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ირლანდია ევროპის მე-7 ნაკრებს 37-ქულიანი სხვაობით მოუგებდა, ევროპის მე-6 ნაკრებმა ბელგია 47:0 გაანადგურა. რაგბისთან შორს მდგომი ხალხიც ხვდება უკვე - ექვსი ერი ევროპის საუკეთესო 6 ნაკრებს არ აერთიანებს!

ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, არის თუ არა საქართველო ნამდვილი ევროპა, ან რამდენი ადამიანი მონახავს ამ ქვეყანას გლობუსზე უშეცდომოდ, მაგრამ რაგბის მსოფლიო რეიტინგი უტყუარია - 3,7-მილიონიანი კავკასიური ქვეყანა რაგბიში უკვე სჯობს იტალიას.

საქართველოს ევროპის მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში დომინირებს და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ასეც იქნება 2018 წელსაც. ყველას გვახსოვს 2007 წლის დაპირისპირება ირლანდიასთან, ეს და სხვა თამაშები ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია პირველი დონის სარაგბო ქვეყნებისთვის.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ორი მოგებით გაინაღდა მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური.

საქართველოს ნაკრები ნოემბერში დიდად ებრძოლა კარდიფში უელსს და მხოლოდ 6:13 წააგო.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთის კლუბებში მოთამაშე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული...

მეტი რა... საქართველოში უყვართ რაგბი და ის ეროვნულ თამაშად მიაჩნიათ, რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მათ გარდა მხოლოდ უელსელებს ახასიათებს. იქაური რაგბი უძველესი ლელობურთიდან მოდის". 

საქართველოს ნაკრებს ნოემბერში კარდიფში თავი არ შეურცხვენია
rugbyworld.com

"ედი ჯონსმა განაცხადა, რომ ის მილტონ ჰეიგთან მეგობრობს, რომ ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ერთობლივ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს... ინგლისის ნაკრებისთვის. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ საქართველო ასეთი კარგია რაგბიში, რატომ არ ვპატიჟებთ მას ექვს ერში?

გუნდის დამატება აჩენს რამდენიმე პრობლემას. ერთია მგზავრობა - ექვსი ერის მონაწილე ქვეყნების დედაქალაქებიდან მხოლოდ ლონდონს აქვს პირდაპირი რეისები თბილისთან. მეორე პრობლემა კი დამატებითი ტურის გამოსანახი დროა ისედაც გადატვირთული კალენდრისთვის.

ექვსი ერის შენარჩუნება და გავარდნის სისტემის შექმნა უფრო ლოგიკურია, მაგრამ ის სულ სხვა სახის პრობლემებს აჩენს, რომლებიც სპონსორებთან, სატელევიზიო უფლებებთან და ასე შემდეგ არის დაკავშირებული.

არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა, ამიტომაც ბევრი მიიჩნებს, რომ სტატუს-ქვოს შენარჩუნება საუკეთესო გამოსავალია".

კომენტარები

ბოლო ამბები