Thumbnail

სალაჰი მძიმე ტრავმას გადაურჩა - ითამაშებს ეგვიპტელი იუნაიტედთან?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის ფორვარდმა ლესტერთან მატჩი კოჭის ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა
  • გამოკვლევის შედეგად, 27 წლის ეგვიპტელს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა 
  • ლივერპულს მომავალ ტურში შეხვედრა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედთან უწევს

ლივერპულის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი, ლესტერთან ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში (2:1) კოჭის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა თამაშის მიწურულს დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც მის წინააღმდეგ უხეშად "მელიების" მცველმა ჰამზა ჩადურიმ ითამაშა. შედეგად, სალაჰი იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. 

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, მოჰამად სალაჰს გამოკვლევა ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა, თუმცა მისი თამაში ჩემპიონატის მე-9 ტურში, მანჩესტერ იუნაიტედთან, კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

წინ საერთაშორისო მატჩებით გამოწვეული პაუზაა და მერსისაიდელთა სამედიცნიო შტაბი ამ პერიოდში ფორვარდის მდგომარეობას დააკვირდება, რომელიც ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს ბოტსვანასთან, 14 ოქტომბერს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში არ დაეხმარება და კლუბის განკარგულებაში დარჩება.

ლივერპულის 27 წლის ეგვიპტელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის რვავე შეხვედრაში ითამაშა და 4 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება 20 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. პრემიერლიგაშ გასული ტურის შემდეგ, ლივერპულს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. იურგენ კლოპის შეგირდები უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის უკვე 8 ქულით უსწრებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები