Thumbnail

შანხაის მასტერსი 2019 | ბასილაშვილი პერთან რევანშისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ჩოგბურთელს ფრანგთან სამივე გასული მატჩი წაგებული აქვს
  • ბასილაშვილის და პერის შერკინება 8 ოქტობერს 10:00 საათზე დაიწყება

გაირკვა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 322 885 დოლარი) მე-2 წრეში გაეჯიბრება.

ის ფრანგი ბენუა პერი გახლავთ, რომელმაც დღეს იტალიელ კვალიფიკანტ მარკო ჩეკინატოს 6:2, 7:5 სძლია. შეგახსენებთ, რომ თავად ბასილაშვილმა სასტარტო შეხვედრა ჯერ კიდევ გუშინ ჩაატარა და მოლდოველი რადუ ალბოტი 4:6, 6:1, 6:3 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ დღეს ნიკა სწორედ რადუსთან ერთად ROLEX SHANGHAI MASTERS-ის წყვილთა შეჯიბრში ჩაერთო, თუმცა, ამჯერად, წარმატებას ვერ მიაღწია. ქართველმა და მოლდოველმა ჩოგბურთელებმა მე-3 განთესვის მქონე ესპანურ-არგენტინულ დუეტთან (მარსელ გრანოლერსი-ჰორასიო ზებალიოსი) 2:6, 3:6 წააგეს.

ბასილაშვილის და პერის დაპირისპირება ხვალ, 8 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი და მე-4 კორტზე, მე-2 წყებაში, ამერიკელი რაილი ოპელკას და სერბი დუშან ლაიოვიჩის მატჩის შემდეგ, თბილისის დროით დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს პენუა პერთან სამივე მატჩი წაგებული აქვს

საინტერესოა, რომ ნიკას 30 წლის პერთან 3-ჯერ უთამაშია და სამივე შემთხვევაში კორტს დამარცხებული ტოვებდა. 2015 წელს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ბენუამ 5:7, 6:2, 6:4 იმარჯვა, 2016-ში – ჩინურ შენჟენში 6:7 (5:7), 7:5, 6:3 მოიგო, 2017-ში კი, ფრანგულ მეცში პერიმ ჩვენებურს 6:1, 7:6 (7:5) სძლია.

თუკი ბასილაშვილმა რევანშის აღება მოახერხა, 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მერვედფინალში კი მე-4 რეიტინგის მქონე ავსტრიელი დომინიკ ტიმის, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას და ჩინელი ზე ჟანგის სამეულიდან ერთ-ერთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შანხაის მასტერსის შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა კანადელ დენის შაპოვალოვს 6:2, 6:2 სძლია, შემდეგ კი, მომავალ ნახევარფინალისტ ალეკსანდრ ზვერევთან (გერმანია) 5:7, 4:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები