Thumbnail
  • ერნესტო ვალვერდეს ბარსელონიდან სეზონის ბოლომდე არ გაუშვებენ
  • ესპანური პრესა მის შემცვლელად ოთხ სავარაუდო კანდიდატს განიხილავს

ესპანური პრესის ცნობით, სევილიასთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ ბარსას ხელმძღვანელობა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სეზონის დასრულებამდე მწვრთნელის შეცვლა არ ღირს. მეტიც, ეს ბარსას ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო და კატალონელთა მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ სეზონის სტარტის კრიზისი დასრულებულია.

თუმცა, ბარსელონას ბანაკში მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ეს სეზონი ვალვერდესთვის უკანასკნელი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები ექნება ბასკს, მან თავი "კამპ ნოუზე" ამოწურა.

ბარსელონას მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩავია

ბარსელონას პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუს აზრით, კლუბმა ახალ მწვრთნელთან ერთად გრძელვადიანი პროექტი უნდა დაიწყოს. ესპანური პრესა ოთხ სავარაუდო კანდიდატს ასახელებს, რომლებთაც კატალონიაში ვალვერდეს შემცვლელად განიხილავენ - აიაქსის მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, რომელიც კრუიფის და გვარდიოლას თამაშის პრინციპებს კარგად იცნობს; ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს, რომელიც ასევე ესპანური ტიპის ფეხბურთს ათამაშებს თავის გუნდებს; რივერ პლეიტის მწვრთნელ მარსელო გალიარდოს, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბოლო წლებში ყველაზე პროგრესულ და წარმატებულ მწვრთნელად მიიჩნევა; ჩავის, კლუბის ყოფილ ლეგენდას, რომელიც  გვარდიოლას ბარსას ერთ-ერთი ლიდერი და მის საფეხბურთო იდეების გამგრძელებელია.

კატალონელებს სურთ, რომ ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებები ადრევე დაიწყონ და სეზონის დასრულებისთვის შესაფერისი კანდიდატი უკვე ჰყავდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები