- გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის პლეი ოფში ვერ გავიდნენ
- ქართველების გუნდი ბოლო ტურში პორტლენდთან დამარცხდა
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსე MLS-ის ბოლო ტურში პორტლენდს შეხვდა და 1:3 წააგო, რის გამოც პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა. სან ხოსეს პორტლენდთან მატჩში გამარჯვება სჭირდებოდა, კალიფორნიელები ამ შემთხვევაში 47 ქულას აგროვებდნენ და პლეი ოფში გადიოდნენ, თუმცა ქართველი ლეგიონერების გუნდმა ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო და ტიტულისთვის ბრძოლაც ვერ გააგრძელა.
ყაზაიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს, კაშიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა და 74-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკომ ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გურამ ჯერჯერობით MLS-ში გოლი არ გაუტანია.
კარლოს ველამ ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა, რომელიც ჯოზეფ მარტინესს ეკუთვნოდა. მარტინესმა შარშანდელ სეზონში 31 გოლი გაიტანა, ველამ წელს 34-ჯერ გამოიჩინა თავი და ლოს ანჯელესს რეგულარული სეზონი მოაგებინა. მექსიკელმა ბოლო ტურში კოლორადოსთან ჰეთთრიკი შეასრულა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რეგულარული სეზონი 30 გოლით დაასრულა. შვედმა შემტევმა ბოლო ტურში ჰიუსტონ დინამოს გაუტანა, მაგრამ გელექსიმ მატჩი 2:4 დათმო. დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი ლოს ანჯელესი გახდა, ხოლო აღმოსავლეთში ჩემპიონობა ნიუ იორკ სიტიმ იზეიმა.
კომენტარები