Thumbnail

შენგელიას გმირობამდე წამი დააკლდა - ბასკონია ვითას ექს-წევრმა დააღალატა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თორნიკე შენგელიამ უნიკახას 11 ქულა ჩაუგდო
  • ქართველი კალათბურთელის გუნდმა სამ ტურში მე-2 მარცხი განიცადა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-3 ტურში დასანანი მარცხი განიცადა.

ქართველი ფორვარდის გუნდი მალაგის უნიკახას მასპინძლობდა და დიდი შანსი იყო, თოკო თამაშის გმირი გამხდარიყო, თუმცა, ბოლო წამებზე გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 77:78.

საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე, შენგელიამ 2 საჯარიმოთი ბასკონიელები დააწინაურა, თუმცა, თბილისის ვითას ყოფილმა წევრმა პიერია ჰენრიმ ბოლო წამზე ხაიმე ფერნანდესზე უაზრო ჯარიმა აიღო და ამ უკანასკნელმა მალაგელებს პრინციპული მატჩი მოაგებინა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 23:55 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი იყო, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და 16 ქულა მიითვალა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს უნიკახას ამერიკელი ლიდერის ჯოშ ადამსის გარჯა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და თავი 23 ქულას მოუყარა. 

ბასკონიას სამ ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს და მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 13 ოქტომბერს ბილბაოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები